კვირა, ნოემბერი 2, 2025

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა

არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება.

„ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.

მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებაა საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა – არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად, უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.

ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:

ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს – მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით, თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავსმოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავსმოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახძე – „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები

ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა – ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ, ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...

გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.

ბოლო სიახლეები