სამშაბათი, ივნისი 24, 2025

სალომე ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი იწყება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 24 ივნისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

გიორგი ვაშაძე სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს! 

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ლევან ხაბეიშვილი – ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს, ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს

ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა აპირებენ არჩევნების ჩატარებას, წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ივანიშვილის რეჟიმი იმსახურებს მშვიდობიან დამხობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, „საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ“.„ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია. თუ არ ვლაპარაკობთ პეპლებზე, პინგვინებზე, თუ ვისაუბრებ, რომ პენსიებმა მოიმატა, ადამიანებს ხელფასები მოემატათ, ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა დუღს – რა კარგი კაცია, ეს იყოს თავისუფალიო, მაგრამ როგორც კი ლაპარაკობ გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე, რუსულ რეჟიმზე და იმაზე, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა დაგაპატიმრონ. მას ასე წარმოუდგენია. პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს ყოველდღიურად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ველოდებით, ვის როდის დააკავებენ. ჩემი აზრია, რომ ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს, თავი კი არ დავიცვათ, არამედ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება, მათ შორის ყველა იმ ხერხით, რომელიც დასაშვებია კონსტიტუციით. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ქვეყანა  ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ვფიქრობ, იქით არის შესატევი, იქით უნდა ვიყოთ თავდასხმის რეჟიმში და იქით უნდა იყვნენ თავდაცვის რეჟიმში. გულწრფელად ვფიქრობ ასე. ეჭვი მაქვს, საბოლოო ჯამში, ამის მობილიზებას შევძლებთ, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, დღესაც მინდა. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს რომ მოვიდა რუსული ხელისუფლება და რუსეთის აგენტები – ჩახალიანები და შკრილნიკოვები გამოუშვა, მაშინვე ცხადი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, გავრილოვი მარტო 2019 წელს კი არა, 2013 თუ 2014 წელი იყო, დაასეირნებდნენ დედაქალაქის ქუჩებში და მაშინვე ვაპროტესტებდი. ჩემთვის ეს ხელისუფლება რუსული იყო თავიდანვე. ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს, ამას ხომ ვხედავთ. მათ არავინ ართმევს ხელს, ყველა აღიარებს, რომ რუსული ხელისუფლებაა. ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა ისინი აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათ თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო. როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, ყველა პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი ციხეში ჰყავთ. „ახალის“ თავმჯდომარეები ერთი, მეორე ციხეში, „გირჩის“ თავმჯდომარე ციხეში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს ციხეში უშვებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში, „ლელოს“ თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები ციხეში. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში. გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ ფიქრობენ, მას მიაღებინებენ მონაწილეობას. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი ამ დღეში არ გვამყოფებდეს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. მე თუ მკითხავთ, ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება ვიხილეთ, მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს საბაზისო ღირებულებებს, პასუხისმგებლიანად მოიქცეს ყველა დონორი

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ასევე მნიშვნელოვანია, „ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“.„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა. ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი. ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ, ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი – სისხლის სამართლის კოდექსი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს, სად არის აქ პოლიტიკური დევნა?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნაზე ვერ იქნება საუბარი.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავებული არიან არა განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, არამედ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის.„პიროვნება სისხლის სამართლის დანაშაულს როცა ჩაიდენს, პასუხს აგებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკოსი. მამუკა ხაზარაძის და დანარჩენების ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს. თან, მათ საჯაროდ აქვთ აღიარებული, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სასჯელს. სად არის აქ პოლიტიკური დევნა? ამ ხალხმა პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის. როცა გაკოტრებული პოლიტიკოსი ხარ, შემდეგ დედამიწაზე ყველაფერს აბრალებ შენს წარუმატებლობას. პოლიტიკური დევნა ნიშნავს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო რომ დაიჭერენ ადამიანს. ეს ხალხი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ეს გამოგონილი ბრალდება დაახლოებით იგივეა, პატარძალი რომ იძახის, ეზო ვერ დავგავე, მრუდეაო. როცა პოლიტიკაში წარუმატებელი ხარ, შემდეგ უკვე მიედ-მოედები და ხან უცხოელებს აბრალებ, ხან ადგილობრივს და ა.შ. დანაშაული შედგა, ნიშნები იყო, სასჯელი მიესაჯა, რაც, სხვათა შორის, მაქსიმალური არ იყო. შესაბამისად, აქ პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები