რუსეთისთვის სანქციებზე როცა ვთქვით უარი, იმ დროს არც იყო დაწესებული სანქციები. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რუსეთისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ თქვენ მხარეს ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„ეს იყო სკანდალი, რომ აქ მოსულმა თქვი, სანქციებს არ შევუერთდები, როცა არც იცი, რა სანქციებია და რისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, უნდა გაეგზავნა თუ არა საქართველოს მთავრობას მოხალისეები უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
„მოხალისეები იმას ჰქვია, ვინც თავისით მიდის. თავისით ვინც წავიდა, ის წავიდა და ეს არ იყო ომში ჩართვა. ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს რომ აქ ვდგავართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ, არის ერთი და ერთადერთი. ვიდრე ამ ქვეყანას რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნის ერთი კვადრატული კილომეტრი ექნება ოკუპირებული, მანამდე იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფს ყოველთვის ექნება შიში, რომ ომი დაიწყოს. არცერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი, რა გავიგეთ“.
კოჯორში, იუნკრების მემორიალთან ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 25 თებერვალი არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას.
„25 თებერვალი არის ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დღე და ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ რაც არ უნდა რთული პირობები იყოს, ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას. ვინც დღეს აქ მოვიდა და მიკიბულ-მოკიბული ენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული. ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, იბრძოდნენ ბოლომდე, ქვეყანა კი არ დაუთმეს, კი არ დაწვნენ, კი არ დაიჩოქეს, იდგნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, იყვნენ მდგრადად, რათა ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლის, შემართების, ქვეყნის მიმართ ერთგულების, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასე იქნება. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლოა და არა დაჩოქების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.