უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა განაცხადა.
„მოხდა ის, რაც დავწერე. მეტი არაფერი არ ვიცი, მეტი ჩემი საქმე არ არის. უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს. ეს ახალგაზრდების მცირე დაპირისპირება არ იყო, მე რასაც ვუყურებდი, არც ისე ახალგაზრდები იყვნენ, იყო რაღაც სხვა კატეგორია, რომელსაც არ ვიცნობ და არ ვიცი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მომხდარს უკავშირებს იმას, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა.
„ქვეყანაში უსაფრთხოების არქონას და განუკითხაობას ვუკავშირებ. ჩემს თავს ძალიან კარგად ვიცავ. ამ დილით 8-9 ტყვია იყო ყველგან მიმოფენილი. პოლიციელები არ მოსულან, მოვიდა საგამოძიებო უწყება თუ რაღაც“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი სახლის წინ დილის 04:20 საათზე „40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში) – ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“.
გუდიაშვილის ბაღთან მომხდარზე შსს-ში განაცხადეს: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“.