ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია“.
„ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ჩემთვის ცოტა გასაკვირი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც ციხეში არა მხოლოდ აქტივისტები არიან, არამედ პოლიტიკური ლიდერები? პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და აუცილებელია სიტუაციის კარგად გაგება. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.