ორშაბათი, ივნისი 9, 2025

სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – ეს უკვე ამ რეჟიმის განაჩენია – აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკი, facebook-ზე რაღაცის დაწერა – ეს არის სრული კონტროლის მცდელობა

კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის ოჯახს“, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და „ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“.

„არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook-ზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქ ამ დონის კონტროლი თუ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის – რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება, რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება – მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება.რუტეს თქმით, რუსეთი  სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც NATO მთელი წლის განმავლობაში.„რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ ყველა აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ NATO“, – განაცხადა რუტემ.

გიორგი ბაჩიაშვილი -როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?

ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.„ბიძინა ივანიშვილმა როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სახელმწიფო სამსახურში, მომთხოვა, დამეწყო ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე შათირიშვილი აქვეყნებს. ანუ, ზუსტად მანდ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის შემდეგ გაიზარდა. ამ უარის შემდეგ გავხდი მიუღებელი, შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელსაც გავდიოდი წინა ორი წლის განმავლობაში. ერთადერთ გზად დამიტოვა საკუთარი ბედის ხელში აღება, ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არ ეყო. შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს, მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, რომლითაც კალაძეს ძმა მოსტაცეს ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს. ალბათ თქვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ, სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ორი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს? ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო და ერთს სხვა სამართალს უწყობთ, მეორეს – სხვას? მალე ალბათ ორი კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. ზოგიერთები ტელევიზიით ამბობენ, რომ რა კარგია, ხომ ხედავთ წამება არ არისო. აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სინდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ მიღებული არ აქვთ.მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან.„ჯერ ვერ ვიტყვით , რადგან შესაბამისი ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, მოითხოვს ყურადღებას, რადგან ცხადია, რომ მთავარი საკითხები, სამწუხაროდ, რჩება პოლიტიკური განხილვების მიღმა, - ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, უამრავი ახალგაზრდის გადინება ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური დებატები, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან აწუხებს,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი  Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია.ნახეთ უახლესი ფოტოები:

კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც, მერების თქმით, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.„მადლობას გიხდით მეგობრული და გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს და იტალიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, მჭიდროა ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისისა და მილანის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რისთვისაც პირადად მე, როგორც თბილისის მერი, ძალისხმევას არ დავიშურებ. ათი წელი გავატარე მილანში და მინდა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მილანს, როგორც ევროპის წამყვან ქალაქს აქვს, თბილისმაც გაიზიაროს. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს თბილისში. არაერთი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით და წინ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ცნობით, მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.„მზად ვარ, ხელი შევუწყო მილანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მინდა, შემოგთავაზოთ ჩართულობა NC40 cities-ში – მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქალაქების ქსელში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური ქსელი, ზუსტად მერების ჩართულობისთვის. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მილანში. ამდენად, საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრის კუთხით, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჯუზეპე სალამ.მილანის მერიაში გამართულ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

ბოლო სიახლეები