ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს – როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი ლიდერებისადმი წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა.

„ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:

დემოკრატიის კუთხით:

საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია, ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს. საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.

სუვერენიტეტის კუთხით:

გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო საქართველოში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არამხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.

სტრატეგიული კუთხით:

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი (რაც რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ბევრ სხვას) განაპირობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.

მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენ წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ.

ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველო ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ, პროტესტი არც ნებდება, არც ეგუება. ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. მმართველი ძალა არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა.

არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და, საბოლოოდ, ამერიკული) მაღალი დონის მედიაციის გზით.

მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.

მოგიწოდებთ, საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ...

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები