სამშაბათი, ივლისი 15, 2025

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და კაია კალასს წერილით მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართავს. 

„მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, იმ მომენტში, როცა საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში შექმნილი ვითარების განსახილველად ემზადება, ჩემი ვალდებულებაა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ უკიდურესად შემაშფოთებელ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და, შესაბამისად, თქვენს სერიოზულ ყურადღებასა და რეაგირებას იმსახურებს.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დაჩქარებული უკუსვლაა, რომელიც ნათლადაა წარმოჩენილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ათწლეულების განმავლობაში დიდ ძალისხმევას ახმარდნენ დემოკრატიული პირობებისა და ინსტიტუტების შექმნას, ქვეყანა სწრაფად გარდაიქმნება კვაზი ტოტალიტარულ (თითქმის ავტორიტარულ) სისტემად. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევებს ეფუძნება.

იმ ფონზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მიღწევა, რთულია, არ დასვათ კითხვა იმ რეაგირების არარსებობაზე (გარდა კონკრეტული დაგმობებისა და ნაწილობრივი სანქციებისა), რომელიც საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების „მშვიდობიანად მიტაცების“ შესაჩერებლად. ეს პროცესი არ ხდება სამხედრო ინტერვენციის გზით, მაგრამ ის არანაკლებ შემაშფოთებელია და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ მსგავსი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებელი, მცდელობები რუსეთს უკვე ჰქონდა მოლდოვაში, რუმინეთში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნათლად მიუთითებს როგორც რეგიონის მიმართ დამოკიდებულების სტრატეგიული გადახედვის საჭიროებაზე, ასევე, როგორ უნდა აღვუდგეთ და ვუპასუხოთ რუსეთის ახალ სტრატეგიებს.

კავკასიის რეგიონი ევროკავშირის მომავალი გაფართოების აუცილებელ ელემენტად რჩება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად მიმდინარე პოზიტიური პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რომელსაც რუსეთი პირდაპირი ზეგავლენით ვეღარ აჩერებს, როგორც ამას წლების განმავლობაში ახერხებდა და ცდილობს, ამ პროცესებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გზით შეეწინააღმდეგოს. ამით ის აფერხებს მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საქართველოს კონტროლით, რუსეთი ასევე, შავ ზღვაზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.

ქვეყნის მმართველი რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად რუსეთის დიქტატსაა დაქვემდებარებული, ჩინური ინვესტიციებისთვის ეკონომიკურ გზებს ხსნის შავი ზღვისპირეთში, მათ შორის, ანაკლიის პორტში, რითიც იქმნება კონკურენცია ევროპული და დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს კი ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას; გამოწვევის, რომელიც ევროკავშირის გავლენის ზრდასა და გაფართოებას აჩერებს, რომელიც ნამდვილად ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, ამიტომაც ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფუნდამენტურად (არსობრივად) ევროპის კრიზისია.

ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება.

2025 წლის 15 ივლისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გადაუდებლად მოვუწოდებ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს: შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა; მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი; იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.

სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შმიგალმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც მან „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა. „მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე და იცავენ უკრაინას. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის. მადლობა მთელ გუნდს დაუღალავი შრომისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდება უკრაინას“, – წერს დენის შმიგალი.ცნობისთვის, 15 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურა წარადგინა. სვირიდენკო ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შმიგალი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აშშ-ში უკრაინის ელჩად დაინიშნება.

გიორგი გახარია – მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი რადოსლავ სიკორსკის, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის შესახებ წერს.როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების განხილვა.„ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის – საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონო ვახტანგ, გულითადად გილოცავთ 75 წლის იუბილეს.მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობა შეუფასებელია. თქვენ, როგორც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არა მხოლოდ განაგრძეთ ქართული მათემატიკის სკოლის უმდიდრესი ტრადიცია, არამედ, მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი მის შემდგომ განვითარება-გაძლიერებას.თქვენი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ნაშრომს, სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიას, მიუთითებს იმ დაუღალავ შრომასა და პროფესიონალიზმზე, ასე რომ გახასიათებთ. თქვენი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენი თაოსნობით განხორციელებული საერთაშორისო კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანი შენატანია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და სამეცნიერო მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

კაია კალასი – არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე, ამასთან ერთად, ეს ასევე ევროკავშირის სანდოობის საკითხია

ამ დრომდე ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კალასს წერილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. მედია დაინტერესდა წერილის შინაარსით და ასევე იმით, რა შეიძლება იყოს მომდევნო ნაბიჯი.„როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან, ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომნადაციები მოცემულია ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის, ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს – საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, უზურუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება, მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასევე დისკიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი აქ რვა არის. თუ ამ რეკომენდციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკონედაციები არ შესრულდება? და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზციის რვა ლიდერიდან შვიდი დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც ახლახან მაგალითად მოვიყვანე.ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად, ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასი – მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, განხილვა მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს.„„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება. მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები