ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია,რომ ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა. ამასთან, პრეზიდენტი დასძენს, „ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“.

„მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ. 2020 წელთან უაზრო შედარებებია, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იმუშავეთ იმ რეფორმებზე, რასაც ვითხოვთ. მაშინ საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა. არ იყო განცდა, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა. იყო [გაყალბება], როგორც მე ვეძახი „ნორმალური გაყალბება“, მაგრამ ის განცდა, რომ არჩევნები და ქვეყანა მოგვპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს, ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

პრეზიდენტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მარტოა პარლამენტში, მარტოა მთავრობაში, ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული „ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე“.

„სანამ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, „ოცნება“ რჩება მარტო. დღეს არიან სულ სხვა მდგომარეობაში: მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში – ერთპარტიულია მთავრობა და პარლამენტი და ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე.

დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც იმედებს არ გაგვიცრუებსო. ანუ პრეზიდენტზე მოთხოვნა არის ის, რომ სრულად იყოს დამოკიდებული, როგორც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუს-ი, ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? – რუსეთი, ხომ? ამ სურათის ფონზე ყველა უფლებები არის დარღვეული. მე მაბრალებენ კონსტიტუციას არღვევსო. ყოველდღე ირღვევა ყველა უფლებები. უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა მათ დაქვემდებარებაში, პოლიცია შედის უნივერსიტეტში ანუ ამ ქვეყნის მიმართ იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, ვისურვო, რომ საქართველოს ჰქონდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით

მიმაჩნია, რომ სომხეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რსებული პრობლემები და გამოწვევები დაძლიონ.„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, რაც ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველო სომეხი ტურისტებისთვის იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი დანიშნულება დასვენებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში, აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გქონდა საშუალება, გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს.მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება.დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება „ტრამპის გზის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“) საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა ფაშინიანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ილჰამ ალიევმა აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო აზერბაიჯანში ირანის ელჩს მიუსამძიმრა – „ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გავიხსენებ აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმარი გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გაიხსენებს აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს, რომლებიც ირანში ვიზიტის დროს შედგა.მედიის ცნობით, ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში მისვლისთვის და სამძიმრისთვის.

პედრო სანჩესი – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან, მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში არ შეგვიძლია

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან და არ შეგვიძლია მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ერთგულება გამოხატონ დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ.„ჩვენ, დანარჩენებმა უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და დავიცვათ ახლა იგივე ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ღაზაზე, ვენესუელასა, თუ გრენლანდიაზე. საკითხი არ არის იმაში, ვართ თუ არა აიათოლების მომხრე. არავინ არის. რა თქმა უნდა, არც ესპანელი ხალხი და, ცხადია, არც ესპანეთის მთავრობა. საკითხი უფრო იმაშია, ვართ თუ არა საერთაშორისო სამართლის და, შესაბამისად, მშვიდობის მხარეს. ჩვენ რაც ვიცით, არის, რომ (ირანის ომი) არ გამოიწვევს უფრო სამართლიან საერთაშორისო წესრიგს, არც უფრო მაღალ ხელფასებს, უკეთეს საჯარო მომსახურებას ან უფრო ჯანსაღ გარემოს. ფაქტობრივად, რისი წინასწარ განჭვრეტაც ამ მომენტში შეგვიძლია, არის მეტი ეკონომიკური გაურკვევლობა, ნავთობის და გაზის ფასების ზრდა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ესპანეთში ამ კატასტროფის წინააღმდეგ. მთავრობები აქ არიან იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუმჯობესონ, პრობლემების გადაწყვეტა უზრუნველყონ და არა იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუარესონ. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ის ლიდერები, რომლებსაც ამ მისიის შესრულება არ შეუძლიათ, ომის კვამლს იყენებენ თავიანთი წარუმატებლობის დასამალად. და, სხვათა შორის, ჯიბეების გასავსებად – ერთადერთი, ვინც იმარჯვებს, როდესაც მსოფლიო წყვეტს საავადმყოფოების მშენებლობას რაკეტების გასაკეთებლად. სწორი სიტყვაა მოთხოვნა, რადგან ესპანეთი არის ევროკავშირის, ნატო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ეს კრიზისი გვეხება ჩვენც, ევროპელებს, შესაბამისად, ესპანელებსაც. სწორედ ამიტომ უნდა მოვთხოვოთ შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს, შეჩერდნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ირანული მედია – ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს

ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს, – ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.გავრცელებული ცნობით, სამხედრო გემი საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფება.ირანული მედიის თანახმად, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედროებმა ამერიკულ გემს Qadr-360-ის და Talaeiyeh-ის რაკეტებით დაარტყეს. ირანული დაზვერვის მონაცემებით, გემბანზე ძლიერი ხანძარი იყო.

ირაკლი კობახიძე – საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა, სომხეთს მადლობა გადავუხადო ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის

ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას.„მსურს, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საქართველოსა და სომხეთს შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სომხეთს ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები