ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა და სადაც ერთობაა, იქ არის თავად და არსად სხვაგან.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი ამბიციაა, ერთობით ეს ქვეყანა გადაარჩინონ.
„დავიწყებ იმით, რომ უნდა მოგილოცოთ, უნდა მოგილოცოთ, რომ შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს. ვერანაირად ვერ დაშალეს. ვერანაირად ვერ შეასუსტეს. შვიდი თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომცდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. ვერაფერი ვერ გაუკეთა. შვიდი თვეა, გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მინდა, მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთი ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ, როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით, ვიდრე ისინი არ გამოვლენ. ესეიგი, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება. მინდა, მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცეთ დღეს ყველამ. ეს რადგან არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ ვერ შეაშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის ამოწევა, რათა კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ, მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება.
მათი რეალური დღევანდელი მდგომარეობა არის სისუსტე, დაშლა, ჩამოშლა და ეს ჩვენ უნდა დავინახოთ კარგად, რომ ჩვენში არ ჩაიბუდოს რაღაც იმედგაცრუებამ, რომელიც არის მათგან წამოსული. თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებან, უნდათ, ჩვენ დაგვასუსტონ და როგორ გვასუსტებენ – ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ, ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა, რომ დღემდე არსებობს, ყველაფრის მიუხედავად, რასაც ცდილობენ ღია და ფარული ხერხებით. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არაუშავს, ესეც არ გამოუვათ, რადგან არაფერი აღარ გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმობას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ იმას. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, აზრებს შორის უნდა იყოს რაღაც დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით – და ნუ მეკითხებით – ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი – სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი. მგონი, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი რაღაცა შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლებთ კიდევ რამდენიმე დღე, თუ კვირა, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.