ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციით ევროპელ ლიდერებთან გაიგზავნება ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს

ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა.

„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა, გაფართოება. ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე, შემდეგ კი იმაზე, რომ არის ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაძლიერდეს. შავ ზღვაზე დღევანდელი „ქართული ოცნება“ აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული.

ასევე, როცა ლაპარაკია, რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა ისეთი გამოწვევა არსებობდეს დღეს, რომელიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.

„ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭო, რომელიც ჩატარდება ალბათ ივნისში, დღის წესრიგში უშუალოდ ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი. მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ, დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლით.კანდიდატი, გამოცდაზე (გეგმური გამოცდა) უარყოფითი შეფასების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ინტერვალით დაიშვება.7 კალენდარული დღის ინტერვალით გამოცდაზე გასვლა  (გეგმური გამოცდა) არის უფასო.კანდიდატს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნულ ვადაზე ადრე გასვლის უფლებით, რომლის საფასური შეადგენს 30 ლარს.30 კალენდარული დღის ვადაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

ირაკლი კობახიძე – ორმხრივი პოლიტიკური ნება თუ იქნება, რომ ქვეყნებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება იყოს, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება.„ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული, რასაც ვხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება, ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ არის ადგილზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – რუმინულმა მხარემ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების განვითარებით, ისინი არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის მხურვალე მხარდამჭერები

რუმინეთის ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალხმრივი ეკონომიკური პროექტები, შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობა შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ სენატის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.„ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალხმრივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც საქართველოს და რუმინეთს აკავშირებს ერთმანეთთან. განსაკუთრებით, ეს არის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთს და უნგრეთს მოიცავს და რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაცვლა ქვეყნებს შორის. ასევე საუბარი იყო შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარებაზე და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე. ასევე, საუბარი გვქონდა სამთავრობო კომისიის შემდგომი სხდომის ჩატარებაზე, ვგულისხმობ, მთავრობათშორის ეკონომიკურ კომისიას, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საკმაოდ დეტალური და ნაყოფიერი საუბარო გამოგვივიდა, მათ შორის განვიხილეთ მოდალობები“, – აღნიშნა სამხარაძემ.რაც შეეხება რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებს, სამხარძის თქმით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებასა და არჩევნების შემდეგ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.მისივე თქმით, რუმინეთი არის საქართველოს ევროკავშირის  წევრობის მხურვალე მხარდამჭერი.„საუბარი გვქონდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პრობლემებზე, რაც ამ პროცესს თან ახლავს. ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის აგრესიაზე, მოლაპარაკებებზე, რომელიც დაიწყო რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში რუმინეთის და საქართველოს,  ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. საუბარი გვქონდა გლობალურ ცვლილებებზე, ამ ახალ დღის წესრიგზე, ნატო-ს ფუნქციასა და როლზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დარბაზში ვისხედით, სადაც 2008 წელა გაკეთდა განცხადება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე და ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნეთ, რომ 17 წელი გავიდა და არანაირი პროგრესი ამ მიმართულებით არ არის. ხვალ ჩვენი ვიზიტი გაგრძელდება, გვექნება შეხვედრა უკვე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან და ასევე ევროკავშირის კომიტეტის თავმდჯომარესა და წევრებთან.რუმინულმა მხარემ ცალსახად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებით. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ დგას. ისინი არიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის ძალიან მხურვალე მხარდამჭერები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ წევრ ქვეყნებთან, რომ პრობლემები, რომლებიც, ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი და არანაირი საფუძველი არ აქვს, ნელ-ნელა გადაიჭრას. ჩვენ დავუბრუნდეთ არამხოლოდ წევრ ქვეყნებთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ნორმალურ ჯანსაღ ურთიერთობებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.„ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს რაც შეეხება, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ დიფ სთეითი აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და დიფ სთეითის სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება დიფ სთეითის დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშ ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა პრემიერმა.

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – ლაშა ბექაური სოსო ებილაშვილმა ჩაანაცვლა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრანდ სლემისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა.წინასწარ განაცხადში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც იყო, თუმცა 90 კგ-ში ის სოსო ებილაშვილმა ჩაანაცვლა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის:-60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.-66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.-81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.-90 კგ – ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.გოგონები:-48 კგ – ჯულიეტა როდონაია.-52 კგ – ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი.-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური.-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი.-70 კგ – მარიამ ჭანტურია.+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს 21-23 მარტს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები