პარასკევი, თებერვალი 21, 2025

საზოგადოება „ქართული“ – ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოება „ქართული“ მიესალმება პარლამენტის ინიციატივას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი განცხადებით, „არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთა, არამედ გადაუდებელი სახელმწიფო აუცილებლობაც“.

„ეს კანონები, გარკვეულწილად, აჯამებს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების განვლილ ეტაპს და არის დასავლეთთან თუ მეზობლებთან ურთიერთობაში გულუბრყვილობის პოლიტიკიდან პრაგმატიზმზე გადასვლის ლოგიკური შედეგი.

დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე რადიკალურად პოლარიზებულია, რადგან გარედან მართული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ქართულ სახელმწიფოს მუდმივ რყევაში ამყოფებს, ხოლო საზოგადოებას – დესტრუქციასა და სტრესის ატმოსფეროში, პირობებში, როცა დიალოგს ანაცვლებს სხვისი აზრის მიუღებლობა, სიყვარულს – სიძულვილი, ერთიანობას – ვიწროპარტიული მიდგომები, ქვეყნის ინტერესებს კი – „დიფ სთეითის“ დირექტივები.

დასავლური ბიუროკრატია, წლებია, გვამუნათებს რადიკალური პოლარიზაციისთვის, არადა, თვითონ არის საქართველოში დაპირისპირების მთავარი ინიციატორი და სპონსორი. ეს ფარისევლობა გააშიშვლა რუსეთ-უკრაინის ომმა და აჩვენა, რომ მათი მხარდაჭერისა და თანადგომის უკან მდგარა ბანალური გეოპოლიტიკური ინტერესი – საჭირო დროს მსხვერპლად შევწიროდით გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და ჩავრთულიყავით მარცხისთვის განწირულ ომში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ამაზე პირველმა საჯარო საუბარი „ხალხის ძალამ“ დაიწყო, შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამაც“ ღია გახადა „დიფ სთეითის“ გეგმები და მცდელობები საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

საქართველოსადმი დასავლეთის გარკვეული წრეების ორმაგი სტანდარტი არახალია. ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობა სწორედ მათი დასტურით მოხდა, რადგან მაშინ ისინი რუსეთთან გარიგდნენ. ამავე მოტივით და კონტექსტში მოხდა ედუარდ შევარდნაძის ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. მთელ ამ პერიპეტიებში კი „დიფ სთეითის“ ძირითადი სამიზნე იყო ქართული საზოგადოება, რომელიც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამხმოვანებელს და დამცველს. მილიონებით დოლარის გრანტი მოხმარდა იმას, რომ მომხდარიყო ქართული საზოგადოების ჩარეცხვა (სააკაშვილის „სლოგანი“) და მისი ჩანაცვლება ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებით, იმავე არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარედან ფინანსდებოდა და იმართებოდა. ასე მოგვევლინა მსუყედ დაფინანსებული „ენჯეოკრატია“ ტროას ცხენად ეროვნულ სხეულზე.

გარედან მართული აგენტურის საქმიანობის შედეგი კი სახეზეა – ეროვნული ინტერესების იგნორირება და ნეოლიბერალური, „ვოუქისტური“, რადიკალურად მემარცხენე იდეოლოგიების, გენდერული თუ სხვა არაჯანსაღი თეორიების პროპაგანდა, ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, ოჯახურ ღირებულებებთან ომი, ტრადიციული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა. ეს არის ნეოლიბერალური დასავლური ბიუროკრატიის მიერ თავს მოხვეული რადიკალური დოქტრინა, რომელიც საზრდოობს დაპირისპირებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, „ფეიკებით“, განსხვავებული აზრისა და თავისუფალი ნების დევნით, ყოველივე „არატრენდულისადმი“ სიძულვილით და საზოგადოების ბულინგით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ „ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის“.

„ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მავნე იდეოლოგიისგან თავის დაღწევას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც ცდილობს. ახლახან, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ამხილა „დიფ სთეითი“ და ლიბერალური ფაშიზმი, ევროპის ლიდერები კი ევროპული ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა, მათ შორის, იმაში, რომ არად მიაჩნიათ ამა თუ ქვეყნის მოსახლეობის სუვერენული ნება და შიდა არჩევნებში ჩარევებით და შედეგების გაუქმებით ამაყობენ კიდეც. ანუ, ევროპელი ლიდერები დაადანაშაულეს იმაში, რის მიღწევასაც საქართველოში ცდილობენ 2024 წლის 26 ოქტომბრიდან მოყოლებული – ქართველი ხალხის ნების იგნორირებას, პოლარიზაციის უკიდურესად გაღვივებას და რადიკალური სცენარების დამუშავებით საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლის მცდელობას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და საპარლამენტო კონსტრუქციული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანონების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში საქართველომ მშვიდად იცხოვროს და ქვეყანას მუდმივად არ ემუქრებოდეს გეოპოლიტიკურ თამაშებში ზვარაკის როლი.

საკანონმდებლო ინიციატივებში უმნიშვნელოვანესია ამერიკული კანონის „ფარას“ ქართული ასლის მიღება. თავად ამერიკელი კანონმდებლების განმარტებით, „ფარას“ მიზანია უცხოური მთავრობების უკანონო მცდელობის აღკვეთა, გავლენა მოახდინონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებზე და საზოგადოებრივ აზრზე. ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საქართველოში შექმნილ სიტუაციას, თუმცა აქ სიტუაცია უფრო რთულადაა – „დიფ სთეითი“ უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული მარიონეტებით მხოლოდ დემოკრატიას და საზოგადოებრივ აზრს კი არ უტევს, არამედ მშვიდობასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოება „ქართული“ აცხადებს, რომ „ფარას“ ქართული ასლის დამტკიცება შეზღუდავს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, „ანუ უცხოური ფულით დესტაბილიზაციის გამოწვევისა და კანონიერი ხელისუფლებების დამხობის მცდელობებს“.

„პოლიტიკური ექსტრემიზმისთვის საზღვარგარეთული დაფინანსების გადაკეტვით კი გამოირიცხება სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე – ქვეყნის სათავეში გარე ძალების მიერ მართული მარიონეტების მოსვლა და უცხოური დირექტივების ბრმად შესრულება, მათ შორის, ომში ჩართვა.

უცხოეთიდან მართული პოლიტიკური ექსტრემიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რადიკალურ ოპოზიციასა და ე. წ. არასამთავრობოებთან ერთად, არის გარედან დაფინანსებული მედიის ნაწილი. ფაქტების მაგივრად პატრონების მიერ წინასწარ შეკვეთილი აღქმები, სიმართლის მაგივრად ალტერნატიული რეალობა, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, ტრაგედიებზე პოლიტიკური კონტექსტის მიბმის ამაზრზენი მცდელობა, ცილისწამება, სიძულვილის ენა – მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს ქართული მედიის ნაწილის „საინფორმაციო“ პოლიტიკა.

შესაბამისად, არათუ აუცილებელი, არამედ დაგვიანებულიც კია კიდევ ერთი ინიციატივა – მედიის შესახებ ბრიტანული კანონის ქართული ანალოგის დამტკიცება. ამ კანონის მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია BBC, რომელზეც სწორებას აკეთებს მსოფლიოს ნებისმიერ თავმოყვარე მედიასაშუალება. ამით გარანტირებული იქნება, ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლება და, მეორე მხრივ, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა დეზინფორმაცია, თავი დაიცვას ცილისწამებისა და ხელოვნური პოლარიზაციისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტური ეთიკის დამკვიდრება და ბრიტანული სტანდარტებით რეგულირება თავად ზემოხსენებული მედიის ნაწილისთვის იქნება შანსი, ჟურნალისტიკა აკეთონ და არ იყონ პოლიტიკური იარაღი რადიკალური ძალების ხელში.

ასევე დროულად მიგვაჩნია სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს გააუქმა. როდესაც საქართველოს მოქალაქე შეგნებულად სწირავს საკუთარ ქვეყანას ნგრევა-განადგურებისთვის, ათასობით თანამემამულეს კი – სიკვდილისთვის, ეს სამშობლოს ღალატია, მნიშვნელობა არ აქვს, ამას რომელიმე ოპოზიციური პარტიისა თუ ე. წ. არასამთავრობოს ოფისიდან აკეთებს თუ მაინცდამაინც მტრის ჯარს შემოუძღვება. ამას სჭირდება შესაბამისი იურიდიული ფორმულირება, შესაბამისი სანქცია და სახელის დარქმევა. ასეთი ადამიანები არიან უცხო ქვეყნის აგენტები ანუ მოღალატეები და მათი მხილებისა და ალაგმვის გარეშე ქვეყანას სტაბილურობა არ ეღირსება.

ჩვენთვის ასევე მისაღებია კანონებიდან იმ პუნქტების ამოღებაც, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების სავალდებულო მონაწილეობას ეხება. არასამთავრობოების ფუნქცია არა სპონსორების გარე პოლიტიკური ინტერესების ლობირება, არამედ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთებაა. ჩნდება შანსი, რომ ნამდვილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რეალურად აკეთონ ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და ამისთვის მიიღონ არა უცხოური ფული საეჭვო მიზნებისთვის, არამედ ქართული გრანტები. ძალიან კარგია, რომ შესაბამის კანონპროექტს („გრანტების შესახებ“) პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს გრძელვადიან სტაბილურობას და განვითარებას მოუტანს. მით უფრო იმ პირობებში, როცა „დიფ სთეითი“ საქართველოს დღემდე „ბრძოლის ველად“ (ტერიე ჰელანდი) განიხილავს, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის ახალ კურსთან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობას, სუვერენიტეტების მხარდაჭერას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას უჭერს მხარს.

ამ თვალსაზრისით, ახალი კანონები შეიცავს რეალურ ბერკეტებს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციისა თუ ძალადობრივ-რევოლუციური სცენარების დასრულებისთვის“, – აღნიშნულია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

გთხოვთ გავავრცელოთ, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ეძებენ ახალგაზრდას, იაკობი ჰქვია. სავარაუდოდ, ისეა ჩაცმული, როგორც ფოტოზე. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ უკავშირდება, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დასთან. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას“, – წერს ყაველაშვილი.  

ბოლო სიახლეები