შაბათი, მარტი 21, 2026

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ორუმბას შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ორუმბას შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ელჩს სამსახურის მიზნები და ამოცანები გააცნო და 5 წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე ესაუბრა.

“რუმინეთთან თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადმოეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული დახმარებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის ეს არის ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროება, მოხარული ვიქნებით თუ ამ მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრისას.

რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ორუმბას განცხადებით, რუმინეთის განვითარების სააგენტო და რუმინეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რაც გამოიხატება ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, ტექნიკის გადმოცემასა და მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენოს

კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ისთვის ბრიტანული ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ გავრცელებულ ცნობას.არაღჩის თქმით, ირანი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას.„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობას არ სურს არავითარი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის ომში. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი ბრიტანელთა სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, – აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული. 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს."საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული. მათთვის, ვისაც სურს, ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, სამების საკათედრო ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

საპატრიარქო – სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად რამდენიმე დღეა, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში  დაკრძალავენ.

რომის პაპი – ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის, ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში.„მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით  და სახარებისეული ძლიერებით.თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა  და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს, გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს – წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ქრება, არამედ გარდაიქმნება.ამ გრძნობებით აღსავსე ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა.  შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი  და მთელი ქართველი ერი. ვატიკანიდან, 18 მარტი, 2026“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომლითაც რომის პაპმა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდს მიმართა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები