საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, პროკურატურაშია დაბარებული ბადრი ჯაფარიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.
მამუკა ხაზარაძეს კი ბრალი დღეს თბილისის პროკურატურაში წარუდგინეს. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე ჯერ საქალაქო სასამართლოში მივიდა და გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, შემდეგ კი პროკურატურაში გადაინაცვლა.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. ხაზარაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს მაგნატის საქმეზე იყო დაბარებული, რომლის მფლობელი ლელოს ლიდერებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს.. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 349 ე მუხლითაა დაწყებული, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდება რომ კანონით რეგულირდება, ეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე მათი მისამართით არსებულ კითხვებს გამოგონილი მიზეზებით ვერ გაექცევიან.