რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებდა, გაეხსნათ გზა და გაეტარებინათ ავტომობილი, რომელზეც, მისი თქმით, ღამის გასათევად ინვენტარი იყო განთავსებული.
სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იყო შეზღუდული, რადგანაც ადგილზე ფეხით გადაადგილდებიან მოქალაქეები.
ფიზიკური დაპირისპირების დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.
დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და ავტომობილის გატარება მაინც მოახერხეს.
აქციის მონაწილეებისა და ლიდერების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.