კვირა, მაისი 25, 2025

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა ღამით უკრაინის ოლქებზე მასირებული იერიში მიიტანა რაკეტებითა და დრონებით. ხმელნიცკის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს.

დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მთლიანად დანგრეულია ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. ასევე დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაშავებულებიდან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლაევში დრონით დარტყმა ხუთსართულიან კორპუსზე განხორციელდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული მთლიანად დაინგრა.

კიევის ოლქზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დარტყმებს ნგრევა მოჰყვა კიევის ოლქის ხუთ რაიონში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი ბავშვი. ასევე დაშავებულია 12 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები და სამეურნეო ნაგებობები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 298 დრონი და 70 რაკეტა გაუშვა. კერძოდ, საოკუპაციო ძალებმა განოიყენეს „ისკანდერის“ 9 რაკეტა, 56 ფრთოსანი რაკეტა და ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 45 ფრთოსანი რაკეტა და 139 დრონი ჩამოაგდეს. ორი რაკეტა და 127 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკაციურად დაიკარგა“. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, დარტყმები განხორციელდა 22 ადგილას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვის გადაეცა კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო

კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ფილმს „უბრალო შემთხვევითობა“ მიენიჭა.გრან-პრი დანიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის სურათს „სენტიმენტალური ღირებულება“ ერგო. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ბრაზილიელ კლებერ ნედონსა დილიოს გადაეცა, ფილმისთვის „საიდუმლო აგენტი“. ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ჟან-პიერ დარდენსა და ლიუკ დარდენს მიენიჭათ, ფრანგულ-ბელგიური ფილმისთვის „ახალგაზრდა დედები“.საუკეთესო მსახიობ კაცად ბრაზილიელი ვაგნერ მოურა აღიარეს („საიდუმლო აგენტი“), საუკეთესო ქალი მსახიობი კი ნადია მელიტი გახდა („უმცროსი და“).ჟიურის პრიზი ფრანგი რეჟისორის ოლივერ ლაშეს ნამუშევარს „სირატი“ და გერმანელი მაშა შილინსკის “დაცემის ხმას“ გადაეცათ.2025 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმი მონაწილეობდა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპის ფარგლებში მხარეებს შორის კიდევ 303-303 პატიმარი გაიცვალა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპის ფარგლებში მხარეებს შორის კიდევ 303-303 პატიმარი გაიცვალა. ეს ეტაპი უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში საბოლოო იყო, რომლის თანახმად მხარეებმა სამი დღის განმავლობაში 1000-1000 პატიმარი გაათავისუფლეს.ორივე მხარეს გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები.უკრაინის მიერ გათავისუფლებული სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.შეთანხმების შესაბამისად, 23 მაისს მხარეებმა 390-390 ადამიანი გაათავისუფლეს, 24 მაისს კი 307-307 ადამიანი.

OpenAI ახალ გაჯეტზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ეკრანებს გადააჩვევს

OpenAI-ს გენერალური დირექტორი სემ ალტმანი და Apple-ის ყოფილი დიზაინერი ჯონი აივი ახალ მოწყობილობაზე მუშაობენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შეიქმნება და რომელსაც ეკრანი არ ექნება.The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ალტმანმა გაჯეტის წინასწარი პრეზენტაცია კომპანიის თანამშრომლებს უკვე ჩაუტარა. ალტმანის თქმით, მოწყობილობა ჯიბეში ჩაეტევა და ნოუტბუკისა და სმარტფონის შემდეგ მომხმარებლის მესამე ძირითად გაჯეტად იქცევა და შეძლებს, ისინი ეკრანებს გადააჩვიოს.„პრინციპულად ახალი“ გაჯეტის გამოშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.მანამდე OpenAI-მ სტარტაპ io-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შესაბამის გაჯეტებს აწარმოებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით

ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე.რუსეთის თავდასხმამ გასულ ღამეს უკრაინის 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მოიცვა.„რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული დარტყმები საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის. მსოფლიოს არ აქვს დუმილის უფლება, რადგან ასეთი პასიურობა პუტინს ომის გაგრძელებისკენ მხოლოდ ახალისებს. შესაძლოა, მსოფლიო შაბათ-კვირას ისვენებს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისა და სამუშაო დღეების მიუხედავად. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს. სანქციები ნამდვილად დაეხმარება ომის დასრულებას. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ითამაშებს თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ლუის ენრიკეს პროგნოზი

საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსის“ 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც თამაში თავის ტკივილის გამო ვერ შეძლო, მალე ჩადგება მწყობრში:„ის კარგადაა. ვერ ითამაშა, რადგან მოთელვის მერე თავი შეუძლოდ იგრძნო. საშიში არაფერია. სამშაბათის ვარჯიშისთვის სრულად იქნება მზად. არავითარ რისკზე არ წავედით. გახურების შემდეგ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. ხანდახან ეს ხდება, მაგრამ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“.კვარაცხელია პირველი ტაიმისას გასახდელში იყო და შესვენების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ბოლო სიახლეები