აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვი რუბიოს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა.
განცხადების თანახმად, მარკო რუბიომ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიზანს უკრაინის კონფლიქტის სწრაფ დასრულებასთან დაკავშირებით და გამოხატა ვაშინგტონის მზაობა ხელი შეუწყოს მხარეთა პოზიციების დაახლოებას.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი განზრახვა, გააგრძელონ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემით სავსე დიალოგი რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.