მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან.
„არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა.
ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.