რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განადგურებულია მოსკოვის რეგიონისა და 13 ოლქის თავზე.
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის ანდრეი ვორობიევის ინფორმაციით, რეგიონში ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
შეფერხდა ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა.
რუსულ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ცნობებით, მოსკოვის რეგიონის დასახლება დუბნაში დრონების თავდასხმის სამიზნე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო „კრონშტადტი“ გახდა. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ამას გარდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ზელენოგრადში უპილოტო საფრენი აპარატით იერიში ტექნოპარკზე განხორციელდა. ტელეგრამ-არხებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს შენობის დაზიანებული ფასადი და ჩამსხვრეული მინები. ამასთან, ტექნოპარკის ტერიტორიაზე დამწვარია ავტომობილი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ ზელენოგრადზე დრონებით შეტევა განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია. მერის თქმით, წინასწარი ცნობებით, იერიშს სერიოზული დაზიანებები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.