რომის პაპმა ღაზის სექტორში კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის დარტყმის გამო მწუხარება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პაპი ლეო XIV კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით და მწუხარება გამოთქვა კათოლიკურ ეკლესიაზე სამხედრო დარტყმის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის ინფორმაციით, ღაზის სექტორში მდებარე ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე იერიშის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. დაიჭრა ცხრა პირი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომაროებაშია. დაშავებულთა შორის არის მღვდელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიას ტანკიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მწუხარებას გამოთქვამენ რელიგიური ნაგებობისთვის ან სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული ზიანის გამო. ისრაელელი სამხედროების თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.