აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ერთმანეთს თურქეთში შეხვდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანელ და ამერიკელ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ისმაელ ბაღაის განმარტებით, თეირანი განიხილავს სხვადასხვა ასპექტს მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნავს, რომ ირანისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ქვეყანას სურს, მალე გაუქმდეს მისს მიმართ დაწესებული სანქციები.
ირანში აცხადებენ, რომ „ახლა ბურთი ტრამპის მოედანზეა“, რამდენადაც ისინი მზაობას გამოთქვამენ, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, როგორიცაა ურანის გამდიდრება, მათ შორის, დათმონ 400კგ-მდე გამდიდრებული ურანი და უარი თქვან მის შემდგომ გამდიდრებაზე. თუმცა სანაცვლოდ თეირანს სურს, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო აქტივები ირანისგან მოშორებით გაიყვანოს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს მოლაპარაკების დასაწყებად სამი წინაპირობა წაუყენა: ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა, ბალისტიკური პროგრამის შეზღუდვა და მარიონეტული რეგიონული ძალების დაფინანსების დასრულება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დარწმუნებულია, რომ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწევენ. მისი თქმით, ირანმა დაკარგა ნდობა შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა ხელს უწყობს „ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს აშშ-თან. როგორც არაღჩი აღნიშნავს, მოლაპარაკებები უნდა შეეხოს მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, რის სანაცვლოდაც ირანი მოითხოვს ამერიკული სანქციების მოხსნას და უფლებას, გააგრძელოს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი მზად არის ომისთვის, რაც „კატასტროფა იქნება ყველასთვის“ და რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზები ირანის სამხედრო სამიზნე გახდება.
ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, თუ ირანთან შეთანხმება არ შედგება, ამერიკას უკვე განთავსებული ჰყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები ირანის სიახლოვეს და გაირკვევა, გამოიწვევს თუ არა ამერიკის შეტევა რეგიონულ ომს, როგორც ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამბობს.

