უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ, ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარს, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, საათნახევარი გაგრძელდა, ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.
ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელზეც სააგენტო „როიტერის“ წყაროს ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონბასიდან, რაც ზელენსკიმ გამორიცხა.
ამასთან, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ. ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.