აშშ-ს, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გადაჰყავს, – ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პენტაგონს შეერთებული შტატების უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ კარიბის ზღვის აუზიდან ახლო აღმოსავლეთში გადაჰყავს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიემართება მეორე ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.
„იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება… თუ დაგვჭირდება, მზად გვექნება“, – განაცხადა მან.
„როიტერის“ ცნობით, „ჯერალდ რ. ფორდს“, რომლის ბორტზეც ბირთვული რეაქტორია განთავსებული, 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავის განთავსება შეუძლია, მათ შორის ისეთი გამანადგურებლების, როგორიცაა F-18 Super Hornet-ის გამანადგურებლები და E-2 Hawkeye, რომლებიც ადრეული გაფრთხილების სისტემით არიან აღჭურვილები.
ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი” სპარსეთის ყურეში იანვრის ბოლოდან იმყოფება.

