„როიტერის“ ცნობით, ტრამპის გეგმის მიხედვით, უკრაინას სთავაზობენ, რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებსა და ნატო-ზე უარი თქვას. როგორც სააგენტო წერს, ჟურნალისტებმა გააანალიზეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლების წინადადებები, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო გეგმას ეხება. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები, საჯაროდ და კერძო საუბრებში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე საუბრობენ, რომლებიც უახლოეს მომავალში უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გამოიწვევს. როგორც იუწყებიან, ტრამპის მრჩევლები ცდილობენ, აიძულონ მოსკოვი და კიევი, დაიწყონ მოლაპარაკებები და ამას ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერის ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ. ეს მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, თუ ისინი არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს და ასევე კიევისთვის დახმარების გაზრდასაც, თუ პუტინი უარის იტყვის მაგიდასთან დაჯდომაზე.
სააგენტოს ცნობით, ტრამპის მრჩევლების განცხადებები იძლევა წარმოდგენას არჩეული პრეზიდენტის გეგმის კონტურების შესახებ. როგორც „როიტერი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ადამიანური რესურსის დანაკლისს განიცდის და პარალელურად კარგავს ტერიტორიებს, უკვე გასაგებს ხდის, რომ ის შეიძლება მზად იყოს მოლაპარაკებებისთვის.
„როიტერი“ იუწყება, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის პირად ურთიერთქმედებაზე. სააგენტო აცხადებს, რომ ახლა არსებობს სამი გეგმა. პირველი ეკუთვნის უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კელოგს, მეორე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მესამე რიჩარდ გრენელს, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა. კელოგის გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ომში არსებული ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემას, თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდება. ამავე დროს, ის გააფრთხილებს მოსკოვს, რომ გაზრდის უკრაინის დახმარებას, თუ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე. ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება შეჩერებული. ამავე დროს უკრაინას ასევე შესთავაზებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც მოიცავს აშშ-ის მხრიდან შეიარაღების მიწოდების გაზრდას, თუ კიევი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ვიცე-პრეზიდენტის გეგმა კი ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ფრონტის არსებულ ხაზზე, რომელიც იქნება გამაგრებული, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში. ეს წინადადებაც ასევე მოიცავს უკრაინის ნატო-ში წევრობაზე უარის თქმას. გრენელის გეგმა კი გამოდის ე.წ. ავტონომიური ზონების შექმნის ინიციატივით. ის ასევე ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებში არ შედის.
„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის მრჩევლების ზოგიერთ წინადადებას წინააღმდეგობა შეხვდება უკრაინის პრეზიდენტისგან, რომლის „გამარჯვების გეგმის“ ნაწილი უკრაინის ნატო-ში მიწვევაა, ასევე ზოგიერთი გეგმის წინააღმდეგ გამოვლენ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები და ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელიც.