ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, თითოეულმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ – გიორგი ზერეკიძე

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ“.

მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას.

„ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ მკაცრად და კანონის მთელი სიმკაცრით. ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია…“-წერს გიორგი ზერეკიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანი მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანმა, ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა, ვალიკო იჩქითმა, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზა და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, თბილისის ღია პირველობას მკლავჭიდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საერთაშორისო ტურნირი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკლავჭიდელმა, ვალიკო იჩქითმა თბილისის ღია ტურნირზე 95 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელით ასპარეზობისას ოქროს მედალი და თასი მოიპოვა, მარცხენა ხელით - ვერცხლის მედალი, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით ორთაბრძოლისას, ვერცხლი დაისაკუთრა. სტუ-ის მძლეოსანს 1800 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ცნობილ მკლავჭიდელ ვალიკო იჩქითს გამარჯვებას ულოცავს და საერთაშორისო ასპარეზზე მორიგ წარმატებებს უსურვებს. რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, მასპინძლის სტატუსით შემდგომშიც აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაში. „მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მოწყობა დიდად წაადგება როგორც ქართული მკლავჭიდის განვითარებას, ასევე, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, რადგან ეს საუკეთესო გზაა გამოვავლინოთ ახალგაზრდა სპორტსმენების შესაძლებლობები, ქვეყანას კი, სამომავლოდ, საერთაშორისო რანგის სპორტსმენები აღვუზარდოთ“, - აცხადებს დავით გურგენიძე. როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. არჩილ იოსელიანის თქმით, თბილისის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალბედებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ გამარჯვებული ყველა სპორტსმენი შესაბამის ლიცენზიასა და მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. თბილისის ღია პირველობა მკლავჭიდში, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, პირად პირველობაში მკლავჭიდის საერთაშორისო წესების მიხედვით, ყველა წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირს თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ხელმძღვანელობა, ცნობილი სპორტსმენები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა – ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი, მშვიდობის ფასი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველები ომის პირველივე დღიდან უკრაინელი მეგობრების გვერდით დგანან და ასეც გაგრძელდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. „ორწელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც, არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა, როდესაც ომი მათ მიუახლოვდათ და შეახსენა, რომ მშვიდობა ძვირფასი, განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე. ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ევროპა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნავსაყუდელი იყო, ახლა მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ცხელი წერტილია. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია. ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტები, ასევე, უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც ასეთ მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის. ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვარე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ვუსურვებ სამართლიან მშვიდობას, იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ონლაინმიმართვისას. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტი რიგაში გაიმართა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საერთაშორისო კონსულტაციისა და კოორდინაციის ფორმატია, რომელიც 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა. პლატფორმის მიზანია ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაზე ეფექტური საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფა.

კახა კალაძე – ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას

„ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისთვის, და ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. „პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამაზე. მე მაინც ეკონომიკურ ნაწილს შევეხები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გვაქვს მთავარ ამოცანად. ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა უნდა დავიჭიროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობის გარეშე ესეც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ურთიერთობები. ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ჩინეთი არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვისთვის. ჩინეთის ასეთ პროექტებში ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება. ყველა ის პროექტი, ეს იქნება გზები, საუკუნის პროექტად წოდებული ავტობანი, ძალიან მალე მთლიანად დამთავრებული იქნება. ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას. ცხადია, არის პრობლემები, გამოწვევები. არ იფიქროთ, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრადაა. ცხადია, არის გამოწვევები, მაგრამ მშვიდობის გარეშე ამ გამოწვევებსაც ვერ უპასუხებ, ვერ გადალახავ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არის. ამიტომ ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და შემდეგ ყველაფერი განვითარდება და წინ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შსს: წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით, ავტომანქანით მოძრავი 45 წლის პირი, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა – ოთხივე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია. " - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იუსტიციის სახლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე...

2012 წელს იყო 12 იუსტიციის სახლი და ახლახან გაიხსნა 122-ე იუსტიციის სახლი შროშაში. ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე!, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ავიღოთ და შევადაროთ მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. კარგად მოგეხსენებათ 2012 წელს მთავარი და სისტემური პრობლემა იყო წამება და არა ადამიანური მოპყრობა. დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, საკუთარი შრომით მიიღონ შემოსავალი და მათ შორის, ონლაინ არს პატიმრების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა შესაძლებელი. როდესაც ხშირად საუბრობენ ეს ვითომ პატრიოტები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ ოფიციალურად შევიდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ ყველა საქმეზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

ბოლო სიახლეები