ჩვენ არ ვამართლებთ არცერთ ქმედებას, რომელიც არღვევს პოლიტიკურ ლეგიტიმურობას და საერთაშორისო სამართალს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს ის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ვენესუელა არ უნდა ჩაითრიონ არასტაბილურობაში.
„ვენესუელასთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესო და ყველაზე სწორია, როგორც თურქეთისთვის, ასევე ვენესუელის მეგობარი ხალხისთვის. ბატონმა მადურომ და ვენესუელის ხალხმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვენი ერის მეგობრები არიან. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებდით და ვაფასებდით ერთმანეთის სოლიდარობას რთულ დროს. დღესაც იგივე გაგებით ვმოქმედებთ. ერების სუვერენული უფლებების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა სარისკო ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს გლობალურ დონეზე. სამყაროში, სადაც კანონის ძალაუფლების ნაცვლად ძალაუფლების კანონი ჭარბობს, არასტაბილურობა, კრიზისი და კონფლიქტი გარდაუვალია. ბატონ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ მას ჩვენი ქვეყნის შეშფოთება გავუზიარეთ. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ვენესუელა არ უნდა ჩაითრიონ არასტაბილურობაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და თურქი ხალხი გააგრძელებენ ვენესუელის ხალხის მხარდაჭერას მათ ბრძოლაში კეთილდღეობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის.

