თურქეთი განაახლებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფების განიარაღების პროცესი შეფერხდება ან დაპირებები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.
„ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში თურქეთი არის ყველაზე ძლიერი, ქმედუნარიანი და მდგრადი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოცემული დაპირებები თუ არ შესრულდება და იქნება პროცესის აღმოსავლურ ხრიკებში გადაზრდის მცდელობები, როგორიცაა შეჩერება, გადავადება, მოტყუება, სახელების შეცვლა, ნუ დაგვაბრალებთ, რაც მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
დღეს „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
„ქურთების მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.