თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი ქვეყანა იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს და დიპლომატიურ ძალისხმევას გააძლიერებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და სიმშვიდე არ დამყარდება რეგიონში.
„რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს შაბათს დაემატა ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა… მთავარია, რომ მიღწეულ იქნას ცეცხლის შეწყვეტა და დიალოგის კარი გაიღოს. პირდაპირ ვიტყვი: თუ საჭირო ჩარევა არ მოხდა, კონფლიქტს სერიოზული შედეგები ექნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. არავის შეუძლია, გაუძლოს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას, რომელსაც ასეთი პროცესი წარმოშობს“, – თქვა ერდოღანმა.

