ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მშვიდობისა და უსაფრთხოების სარტყელი ჩვენ ირგვლივ, ჩვენს მეზობლებთან კარგი ურთიერთობების დამყარებით და კონფლიქტურ მხარეებს შორის დიალოგის ხიდების აგებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს სურს რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.
„ჩვენ ვიმყოფებით მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში, მაგრამ ასევე რეგიონში, რომელიც მიდრეკილია კრიზისისკენ. ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიის მანძილზე. შეჭრის მცდელობები, ჯვაროსნული ლაშქრობები, იმპერიალისტური თამაშები, დაბნეულობისა და არასტაბილურობის შექმნის მცდელობები – ეს ყველაფერი ჩვენ გარემოში არასდროს ყოფილა უცხო. პირველი მსოფლიო ომიდან ცივ ომამდე, ეს იყო რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დესტრუქციული მეტოქეობითა და დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციით. დღეს კი, ბევრი პრობლემა – ომი, კრიზისი და დაძაბულობა, რომლებიც დომინირებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ დღის წესრიგში, რეალურად ხდება აქ, ჩვენს უშუალო სამეზობლოში.
ახლა ეს სიამაყით უნდა ვთქვა, ჩვენ არა მხოლოდ ამ რეგიონის მცხოვრებლები, არამედ მისი მფლობელებიც ვართ. ათასი წელია, აქ ვართ. ღმერთის ნებით, კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით აქ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია, იყოს ცივილიზაციის რეგიონი, მშვიდობისა და უსაფრთხოების რეგიონი, რომელიც რეალურად, შეეფერება მის ღრმა ფესვებს. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ რეგიონი და ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც შერიგება სჭარბობს და არა კონფლიქტი, ალიანსი და არა განხეთქილება, კეთილდღეობა, სტაბილურობა და არა სისხლის ცრემლები, ტკივილი და დაძაბულობა მთელ მსოფლიოში. ეს არ არის ისეთი სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება. ახლა, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის და ვიცით, რომ მშვიდობა ომზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ უფრო რთულ გზას და არა მარტივ გზას. დღეს ჩვენ უფრო რთული გზის მხარეს ვართ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.