სამშაბათი, იანვარი 14, 2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავად განაცხადა.

როგორც თურქული გაზეთი წერს, ქალაქ შანლიურფაში ჩასულ ერდოღანს ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე“, – თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – მზია ამაღლობელი და გურამ მურვანიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ში წერს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის დაკავების მიუკერძოებელ გამოძიებას. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.    

გია ვოლსკი – სიცრუეა, თითქოს საქართველომ რაიმე შეაჩერა, რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს ვითარება და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებს აფასებს, როგორც უსამართლოს. ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიმართ უსამართლობა ემსახურება კონკრეტულ ამოცანას. გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ შეჩერდა, არამედ საქართველო ამ კუთხით მოწინავე პოზიციაზეა და 2030 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი იქნება. „საქართველოს ასეთი შეფასება არ ეკუთვნის. ადამიანები გამოდიან გარეთ და გამოხატავენ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ეს ევროპისთვის სიახლე არ არის. არც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაა სიახლე. არც მომიტინგეების მიმართ საკმაოდ სასტიკი ანგარიშსწორება არ არის რაიმე სიახლე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანი რაოდენობის შემთხვევაში, გაცილებით სასტიკია ეს ანგარიშსწორება, ვიდრე საქართველოში მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიცია ასეთი სერიოზული შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. არ არის პოლიციაზე ასეთი ბრუტალური შეტევა – არ არის ძალის გამოყენება. გამორიცხულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენების პერიოდში არ მოხდეს თუნდაც ძალის გადამეტება ცალკეულ შემთხვევაში. არანორმალური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ვითარება იქმნება ამ დროს და ეს მხოლოდ ქართველ პოლიციელს არ ეხება. შემაძრწუნებელია, როდესაც ადამიანი, მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ არის, განიცდის ფიზიკურ ზეწოლას, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არ ახსენებ, მათ შორის ქალბატონი კოსი, რომ ეს განაპირობა პოლიციაზე ასეთმა გააფთრებულმა შეტევამ, როდესაც 200-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად არის დაშავებული, თანაც სიცოცხლისთვის საშიში შეტევაა განხორციელებული პოლიციელების მიმართ პიროტექნიკით და „მოლოტივის კოქტეილებით“. ამას რომ არ ამბობ და ამბობ მეორე მხარეს, კი, დაზიანდნენ მომიტინგეები, მაგრამ დაზიანების ის ხარისხი არ ყოფილა, რაც ახლახან გერმანიაში ვიხილეთ. არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები მიუღებელია, აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე? რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს სიტუაცია, სისხლი დაიღვაროს და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეიცვალოს. ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ყურმოჭრილი მონის როლს შეასრულებს ყოველგვარი ეროვნული ინტერესის გათვალისწინების გარეშე. დიდი სიცრუეა, რაც გავრცელდა, რომ საქართველომ რაიმე შეაჩერა. ევროინტეგრაციის გზაზე პროცესი მეტყველებს, რომ ეს სიცრუე, ყურით მოთრეული სხვა ინტერპრეტაცია განცხადების, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააკეთა, რაღაცას გულისხმობს და კონკრეტულ მიზანზეა ორიენტირებული. ეს მიზანი აშკარად გამოხატა თუნდაც მიხაელ როთმა ან ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, როდესაც ახალგაზრდებს პირდაპირ მოუწოდებენ, ძალა გამოიყენონ, სისხლი დაღვარონ და სცენარი წავიკითხეთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაში. სხვა მიზეზი არ არსებობს. ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლობა ემსახურება კონკრეტულ ამოცანას. ევროინტეგრაციის არანაირი პროცესი არ შეჩერებულა. მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ნებისმიერი მიმართულებით ან მიტინგი გამართონ ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვონ მოლაპარაკებების დაწყება. არათუ რაიმე პროცესი გვაქვს შეჩერებული, არამედ ყველაზე წინ ვართ მოცემულ პერიოდში და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით იქნება ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. ევროკავშირში წევრობა ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ გვინდა – ჩვენთვის გამოსაყენებლად. ვინმეს მიმართ ნიშნის მოგებისთვის კი არ გვინდა, არამედ ევროკავშირის ცხოვრების სტანდარტი, ეკონომიკური და პოლიტიკური, არის ის თემა, რომელიც ჩვენ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც გედავებიან, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ უნდა აკრძალო, ამის გამო თავად ჯერ კიდევ ივლისში წყვეტენ ამ პროცესს და ამბობენ, რომ საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში მას აღარ უნდა დააბრალო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე შეწყვიტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ამავდროულად, გია ვოლსკი ამბობს, რომ ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს. „როდესაც უსამართლობაა, ჩვენთვის ბევრი საკითხია დამაფიქრებელი და ეს უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თუდაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იხილეთ პროცესები, როდესაც საქართველოზე ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ, რათა საომარ პროცესებში ჩართულიყო და ახლაც ომის თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება“. მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს „იმის გამო, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას“. „ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამეს გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

რასა იუკნევიჩიენე – დროა, ვიფიქროთ გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში, სხვა არჩევანი არაა

საქართველოში რაც ხდება, ევროპის პერიფერიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოვლენა არ არის, რაც იქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. „დეკემბერში შვიდი დეპუტატი ვეწვიეთ საქართველოს. აქ სამი მნიშვნელოვანი პუნქტია. პირველი, არაღიარება; მეორე, სანქციები და მესამე, ახალი არჩევნები. პირველი – არაღიარება. „ქართული ოცნება“, ზოგიერთი მას „ქართულ კოშმარსაც“ უწოდებს, სასოწარკვეთილი მიისწრაფვის საკუთარი ლეგიტიმაციისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოუმზადებელი ვიზიტების თავიდან არიდება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დაიწყო დეპუტინიზაციის პროცესი და ამას განაგრძობენ. ხალხი, რომელსაც ქუჩაში შევხვდით, ამბობს, რომ არასდროს დანებდებიან და არ დაუშვებენ, რომ საქართველო გახდეს რუსული სამყაროს ნაწილი თუ რუსეთის ფედერაცია; მეორე, სანქციები. აშშ-მ უკვე ახსენა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისა და რუსეთის ფედერაციისთვის სარგებლის მოტანის გამო; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენენ. მისი თქმით, დროა, დაიწყონ ფიქრი, როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დახმარება მოპარული ხმების დაბრუნებაში. „დროა, ვიფიქროთ თავად გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა არჩევანი არაა. მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე განვაცხადე, საქართველო ჩემი პრიორიტეტების სათავეში იქნება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპარლამენტის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად ხართ დაკავებული საქართველოთი და გვაწვდით ინფორმაციას. ამას ვაფასებ და უახლოეს დღეებში განვიხილავთ სამივე პუნქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანქციებზე, ვიზებზე და ყველაფერზე. ეს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა, მზად ვართ, ის განვიხილოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სოზარ სუბარი – ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს

ამერიკისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. სოზარ სუბარმა შტატებთან საერთო ინტერესებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო შემდეგი მიმართულებები: საქართველოზე შეწყდება რუსეთთან ომში ჩარევაზე ზეწოლა; არავინ მოითხოვს კანონის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გაუქმებას;  მოიხსნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თემის გადახედვის აუცილებლობა. „დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდება ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩავერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს არის ძალიან კარგი; ასევე, შეწყდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ესეც ძალიან კარგია. ევროპიდან ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტა ევროპიდან ზეწოლასაც მკვეთრად შეასუსტებს; ასევე თანხვედრა გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოში USAID-ის, NED-ის, სოროსის და ზოგიერთი სხვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ გაგრძელდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ამერიკული ფულით უტარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორ გადაწვან პარლამენტი, როგორ ებრძოლონ ტრადიციებს, ეკლესიას. და თუ არ შეწყდება, მინიმუმ, შემცირდება ასეთი დაფინანსებები და ესეც ძალიან კარგია“, –  განაცხადა ვიცე-სპიკერმა. სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ არსებობს თემები, მაგალითად, ირანი, რომლის ირგვლივაც, შესაძლოა, ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვეს. „ბუნებრივია, არის თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მაგალითად, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება აშშ-ის და ირანის ურთიერთობები, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი ინტერესები, შეიძლება, სერიოზულად ასცდეს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი, ათასწლეულებია, ჩვენი მეზობელია და მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება. ცხადია, ისტორიულად ჩვენი ურთიერთობები არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ირანი არის 80-მილიონიანი ქვეყანა, უძველესი და უნიკალური კულტურით, სერიოზული ეკონომიკური პოტენციალით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ მის მიმართ გლობალური მოთამაშეები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ინტერესები – მაშინაც, როცა ეს ინტერესები არ ემთხვევა ჩვენი დიდი პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი გურამ როგავა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს. „ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ერთი საკითხი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს; მეორე ეხება კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ცვლილებებს, იქნება ეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. თუმცა ჩვენს პარტნიორებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ კითხვები არჩევნების ნაწილში, განსაკუთრებით, რაც ვიხილეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა თუ იქნება კითხვები ამ საკითხზე, ვუპასუხებთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

ბოლო სიახლეები