თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, აღნიშნულ რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება.
ადგილზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ აქციებზე დაკავებული და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები, ასევე ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
რესტორანში მისულ მოსამართლეებს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მოსამართლეებს აქვთ უფლება, წელიწადში ერთხელ კორპორაციულ საღამოზე შეიკრიბონ“.
გვრიტშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ.
„ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა უნდა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ, არასამუშაო დროს უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. ცალკეული საქმეები არ ვიცი და არც შეიძლება, ვიცოდე ჩემი კოლეგის განსახილველი. მე ვარ მოსამართლე, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
ამასთან, გვრიტიშვილს სანქციებთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა: „ე.წ. სანქციებს ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით. სანქციების არავის ეშინია“.