ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს.
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.
სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
სამუშაოების დასრულება სამ თვეში იგეგმება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.