კვირა, თებერვალი 23, 2025

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში

„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს იქადაგა სამების ტაძარში.

შიო მუჯირის თქმით, მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები – მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით.

როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს.

„წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), – ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), – ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს.

ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც… არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48).

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – ნათქვამია შიო მუჯირის ქადაგებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შოლცი მიდის , მერცი მოდის

შოლცი მიდის , მერცი მოდის-ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს გერმანიაში დასრულდა ფედერალურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა. ხმის მიცემის პროცედრის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლების თანახმად, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ გაერთიანება ხმების 29%-ს იღებს. მეორე ადგილზე გადის „ალტერნმატივა გერმანიისთვის – 19,5%. კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” 16%-ით მესამე ადგილზეა. ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა (13,5%) და მემარცხენეებმა (8,5%)

ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია

ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის „მზად იყო რუსებთან სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ამ კვირაში“. „ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-ისთვის უნდა გადაეხადა. „ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც რას უნდა ამბობდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ სურს 100 მილიარდის ოდენობის ვალის აღიარება, რადგან არ თვლის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად. ზელენსკის თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები უკრაინას ავალდებულებს ორჯერ მეტი თანხის დაბრუნებას, ვიდრე აშშ უკრაინას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა შეადარა უკრაინისთვის გაწეული დახმარება ისრაელის შემთხვევას და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ უსამართლო მიდგომაა. „მე არ მოვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.​​​​​ ამასთან, ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის სიტყვებზე, რომელმაც მას „დიქტატორი“ უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის ნაწყენი ამ განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ გახდება დიქტატორი. „აქ ემოციების ადგილი არ არის. მე პრაგმატული მიდგომა მაქვს აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში და ასე გავაგრძელებ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვებს ჩემ მიმართ კომპლიმენტებს ვერ დავარქმევდი, რბილად რომ ვთქვათ. მე ასე მესმის ეს. მაგრამ რატომ უნდა გვეწყინოს? სიტყვა „დიქტატორი“ შეიძლება, მას ეწყინოს, ვინც დიქტატორია. მე კი ამას ასე აღვიქვამ – რა გაეწყობა, როგორღაც ვიცხოვრებთ აშშ-თან ერთად. დიქტატორები ნამდვილად არ გავხდებით. ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, არანაირი ძალით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, პარლამენტარებიც, რომლებიც იმავე დროს მოვიდნენ, არავის დაუნიშნავს, პარლამენტი აირჩია უკრაინის ხალხმა. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში იყოს „ათწლეულები“, მაგრამ არც რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიაზე. „სიტყვები კი უბრალოდ გაივლის. შესაძლოა, ოდესმე რაიმე კარგიც თქვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე უკრაინელები, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე ამერიკელები.

მოძრაობა აკრძალულია! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის დახმარების გარეშე, უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია

აშშ-ის დახმარების გარეშე, უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. კერძოდ, ზელენსკის ჰკითხეს, რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და საკმარისი იქნება თუ არა ევროკავშირის დახმარება. „აშშ არ არის მხოლოდ ფული. პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. არის გარკვეული იარაღი, რომელსაც აშშ-ის ლიცენზია აქვს. მას ევროპელები გვაძლევენ, მაგალითად, იგივე Patriot-ები, რომლებსაც ვიღებთ. სხვათა შორის, გერმანიისგან მივიღეთ ყველაზე მეტი Patriot-ის სისტემა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან. მაგრამ მაინც ლიცენზიას ამაზე აშშ გასცემს. ამიტომ არ მინდა, რომ ამ დახმარების გარეშე ვიყოთ, აშშ-ს დახმარების გარეშე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინამ შეძლო შესაბამისი შეიარაღების წარმოების გაზრდა, რაც ასევე აძლევს უკრაინას საშუალებას როგორღაც „გადარჩეს“. „ვნახოთ. ჯერჯერობით ახალი დახმარება არ არის, მაგრამ როგორღაც ვცხოვრობთ. იარაღი მოდის, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს ვეძებთ, წარმოება გავზარდეთ. გასულ წელს 154 საარტილერიო სისტემა შევქმენით ადგილობრივი წარმოებით. ეს რეკორდია, რადგან წლის განმავლობაში – 154, ჩვენი აზრით, მეტია, ვიდრე ყველა ნატო-ს ქვეყანამ ერთად გააკეთა იმავე წელს. ვთვლი, რომ ეს სერიოზული ნახტომია. წელს ვეცდებით მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დრონების წარმოებაზეც. „ეს ვერ ჩაანაცვლებს აშშ-ის დახმარებას, მაგრამ ეს არც არის მიზანი. მიზანი არ არის პარტნიორების დახმარების ჩანაცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.. ისი აზრით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის ცხელი ფაზა წელს დასრულდეს. „ვთვლი, რომ ეს არის მათი მიზანი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, CDU/CSU ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) კი 16 პროცენტი. მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ. მემარცხენე პარტია 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური სარა ვაგენკნეხტის კავშირი (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) 4.9 პროცენტს.

ბოლო სიახლეები