ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკოტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
კომისიამ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ „ტიკტოკი“ ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში არსებულ სერვერებზე არ ინახავდა, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა.
კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო მოვლენებს სერიოზულად უდგებიან.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „ტიკტოკს“ ევროკავშირის მთავარი ორგანო – ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია დარღვევებში ადანაშაულებს. 2023 წელს სოციალური ქსელის პლატფორმა ევროკავშირში ბავშვების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევისთვის 345 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.
„ტიკტოკი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პლატფორმა, რომელსაც ევროკავშირში 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, აღნიშნავს, რომ მას არასდროს მიუღია ჩინეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა და არასდროს გადაუცია ისინი მისთვის.
„ეს დადგენილება პრეცედენტის შექმნის რისკს შეიცავს შორს მიმავალი შედეგებით ევროპაში კომპანიებისთვის და მთელი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც გლობალური მასშტაბით მუშაობენ“, – ნათქვამია „ტიკტოკის“ განცხადებაში.