სამშაბათი, მარტი 10, 2026

რა გზავნილს უგზავნის მოჯთაბა ხამენეენის არჩევით ირანი მსოფლიოს-ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი მოჯთაბა ხამენეენი არჩევას ეხმიანებ

,,ერთი არჩევანის გეოპოლიტიკური შედეგები
ირანის ახალი უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეის არჩევა ომის ფონზე, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ზეწოლის პირობებში, არ არის მხოლოდ შიდა მოვლენა. ეს მოვლენა სინამდვილეში მრავალშრიან გზავნილს შეიცავს მსოფლიოსთვის, რეგიონისა და ირანის შიდა საზოგადოებრივი აზრისათვის.
ეს მოვლენა, უწინარეს ყოვლისა, არის ირანის ინსტიტუციური უწყვეტობისა და პოლიტიკური ერთიანობის გამოხატულება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ეს ხდება მაშინ, როცა ბევრი გარე დამკვირებელი არასტაბილურობას ან ძალაუფლების ვაკუუმს მოელის.
ეს მოვლენა, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს:
1) გზავნილი დიდ ძალებს
ლიდერობის გადაცემა ასეთ პირობებში აჩვენებს, რომ ირანის პოლიტიკურ სტრუქტურას, მწვავე კრიზისის პირობებშიც კი, შეუძლია გააგრძელოს ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი ვაკუუმის ან რღვევის გარეშე. ეს რეალობა გავლენას ახდენს დიდი და ახალგამოჩენილი ძალების სტრატეგიულ გათვლებზე და, გარკვეული თვალსაზრისით, ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ შეკავებას საერთაშორისო გარემოში.
2) გზავნილი რეგიონსა და მეზობლებს
სპარსეთის ყურიდან დაწყებული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჩათვლით, ირანის მეზობლები ამჟამად დგანან ისეთი ქვეყნის წინაშე, რომლის ძალაუფლების სტრუქტურა კვლავ სტაბილური და ეფექტურია. ეს ნიშნავს, რომ ირანი გააგრძელებს აქტიური როლის შესრულებას მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ხოლო მისი თავდაცვითი და რეგიონული პოლიტიკა გაგრძელდება. ასეთ პირობებში ირანს კვლავ შეუძლია დარჩეს ეფექტურ მოთამაშედ რეგიონული ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში.
3) შიდა გზავნილი და ეროვნული რწმენა
უსაფრთხოების კრიზისის ფონზე ლიდერობის გადაცემა აჩვენებს, რომ ირანმა არა მხოლოდ ზეწოლასა და დაძაბულობას გაუძლო, არამედ ამ რთულ ვითარებაში ლიდერთა ახალი თაობის აღზრდაც შეუძლია. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა ნდობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას და შექმნას კრიზისულ სიტუაციებში ძალაუფლების გადაცემის მართვის მნიშვნელოვანი მოდელი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:
საერთო ჯამში, ეს მოვლენა არ არის ცვლილება მხოლოდ უზენაესი სულიერი ლიდერის დონეზე; ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ ირანი დარჩება ეფექტურ აქტორად რეგიონულ ბალანსში, ხოლო მომდევნო წლებში მისი როლი ახლო აღმოსავლეთსა და მის სამეზობლოში ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი იქნება”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია – ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს, ამის ნათელი დასტური ყულევის ნავთობტერმინალის საკითხია

საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღონ, ამტკიცებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.„ევროკომისიამ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღო. ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ ყულევის ტერმინალი მეოცე პაკეტში იყო შეტანილი. მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს?  ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს და ადგილი აქვს მთელ რიგ ცრუ ბრალდებებს, რომლის ნათელი დასტურია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. ამ თვალსაზრისით აქტიურ კამპანიას ეწეოდა სალომე ზურაბიშვილიც. ამ ადამიანების ცრუ ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს“, – განაცხადა გაბუნიამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ უკრაინის წევრობაზე დებატები შესაძლოა, არჩევნების წინ ბრძოლის მასალად იქცეს ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში

ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებისას უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და 27-წევრიანი კლუბის გაფართოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„პოლკიტიკოს“ ინფრომაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კალასმა აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ ამჟამინდელ კონტექსტში ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს.„გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და ნიშანი იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი, ევროკავშირი, აქ დარჩება, – განაცხადა კაია კალასმა.გამოცემა წერს, რომ კალასის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უფრო სწრაფი ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროკომისიასა და ეროვნულ დედაქალაქებს შორის დაძაბული დისკუსიებს იწვევს, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სრაფად გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.„გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბიორნ ზაიბერტის თანდასწრებით გამართულ სადილზე, ევროკავშირის ელჩებმა უარყვეს ახალი წევრების შეზღუდული პრივილეგიებით დაშვების შესაძლებლობა. კალასის სიტყვები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ აზრს, რომ გაფართოება არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესი, რომლითაც კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერიუმებს, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანია, როგორც ეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა“, – წერს „პოლიტიკო“.გამოცემა წერს, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით საჯარო დებატების პერსპექტივა შემაშფოთებელია ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება, ულტრამემარჯვენე პარტიებს საბრძოლო მასალა მისცეს მომავალ წელს საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე.

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.

გიგა ფარულავა – ყულევის ტერმინალის სანქციათა პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია

ძალიან კარგია, რომ ყულევის ტერმინალი სასანქციე პაკეტიდან ამოიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებდით, სანქციები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად შეეხოს. ხელისუფლებასაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოში არ იყოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ტერმინალის ამ პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბაქო თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და ორ ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.„ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან“, – განაცხადა ენინ ჰასანოვმა.ირანში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.

ბოლო სიახლეები