დიდი სიმაღლის და მასზე გავრცელებული ჭორების გამო, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო… – დონალდ და მელანია ტრამპების ერთადერთი და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული ვაჟის ამბები
ბარონ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მესამე მეუღლის, მელანიას ერთადერთი ვაჟია. ბიჭი 2006 წელს ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა და მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო.
ბარონი ბავშვობიდან ცნობილი ადამიანების წრეში იზრდებოდა. მშობლებმა ძიძების აყვანაზე უარი განაცხადეს. მელანია შვილის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. საუზმეს უმზადებდა, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა და მასთან დიდ დროს ატარებდა.
ბარონმა რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა. თავდაპირველად Columbia Grammar & Preparatory School-ში სწავლობდა. შემდეგ კი St. Andrew’s Episcopal School-ში გადავიდა. ბიჭმა 2021 წლიდან სწავლა ოქსფორდის აკადემიაში განაგრძო. 2024 წელს მან სკოლა დაასრულა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა. ახლა ის სტუდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მშობლების გამო ბარონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად იყო, მელანია და დონალდ ტრამპები მისი პირადი სივრცის დაცვას სულ ცდილობდნენ. ბავშვობაში ის სულ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემასა და შოუში გამოჩნდა.
ასევე, 2016 წელს ბარონი მამის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა და დედასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებოდა. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა, ბარონი საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა.