ვინც კითხვებზე საპასუხოდ მზად არის, რასაკვირველია მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები იმალებიან, ემალებიან საჯაროობას, ემალებიან იმ კითხვებს, რაც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იმ პირებზე საუბრისას, რომლებიც დაბარების მიუხედავად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს არ ესწრებიან.
დეპუტატის თქმით, ამ საქციელით ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ დანაშაულებში მონაწილეები არიან.
„წინასაარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს ემალებოდნენ, ახლა როდესაც მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, ემალებიან ამ კომისიას. მაგრამ ვინც და როგორც არ უნდა დაიმალოს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა. ყველას შევახსენებ, რომ ამ კომისიისგან თავის არიდება, კითხვებზე თავის არ იდება და გამოუცხადებლობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ეს მიდგომა არის ევროპული სტანდარტი. ასე რომ, ეს ადამიანები ვინც არ ცხადდებიან ამ კომისიაზე, სინამდვილეში აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები დანაშაულების და სწორედ ამიტომ იქცევიან ასე. სხვა მხრივ, პირიქით, მათი ინტერესი უნდა იყოს რომ წარდგნენ ამ კომისიაზე და საკუთარი პოზიციები გააჟღერონ და ლოგიკურიც ასე იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის რომ, ამ ადამიანებს ეშინიათ, იმალებიან და არ ცხადდებიან კომისიაზე, გვაჩვენებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. თუ ჰგონია ვინმეს, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა – არა; ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, რომ ყველა იმ ლეგიტიმურ კითხვას გასცენ პასუხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ასევე ლეგიტიმურად აქვს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საგამოძიებო კომისიის სხდომებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საცირკო სანახაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ამ სხდომებზე არ მისვლას აქვს არგუმენტი – ეს არის მათი პოლიტიკური ხედვა, რომ პარლამენტს არ აღიარებენ.
დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.
მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 349-ე მუხლით უკვე აღიძრა, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. „ლელოს“ ლიდერები სხდომაზე მას შემდეგ დაიბარეს, როცა ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაიხსენა, თუ რა როლი ჰქონდათ მისთვის ბიზნესის წართმევასა და კეზერაშვილისთვის გადაცემაში, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს.