რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების კომპლექსი აქვს. 2012 წლიდან მოყოლებული, იმდენი არჩევნები წააგეს, რომ მათთვის ეს მტკივნეულია და ამ მარცხისგან ვერ გამოდიან. მოსახლეობა მათ არ მისცემს უფლებას, ხელისუფლებაში მობრუნდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები რადიკალური ოპოზიციისთვის საბედისწერო იქნება, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას არჩევნებში.
„ეს ძალები ბოლომდე გაშიშვლებული და ლუსტრირებული არიან. მათი მიზნების თაობაზე ხალხმა ამომწურავად იცის. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ამიტომაც არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების ეშინიათ. მათი პოლიტიკური გაქრობისთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.