იმ დანაშაულების უკან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადიოდნენ, სწორედ ეს პარტია იდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები სტრასბურგის სასამართლოშიც არის აღნიშნული, რომ სისტემური ხასიათის იყო და სახელისუფლებო შტოების მხრიდან იმართებოდა. ამ ვერტიკალის თავში იდგა სააკაშვილი მაგრამ ის არ არის ერთადერთი ვისაც ეს პასუხისმგებლობა აკისრია. ამ პასუხისმგებლობაში არის მონაწილე ყველა ის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც მისი თანამზრახველი იყო ამ დანაშაულებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება ლოგიკური გაგრძელება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კომისიის მუშაობას ექნება ლოგიკური დასასრული თუნდაც იმ მიმართულებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს.
„ჩვენ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. დროებითი საგამოძიებო კომისია დარწმუნებული ვარ შექმნის შესაბამის საფუძვლებს იმისა, რომ თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს პროცესები. ვინაიდან, ეს პარტია, რომელიც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ანტი ქართული მოქმედებებით გამოდიოდა და გამოირჩეოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო. მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ეტაპზე ებრძოდა ქართველ ხალხს. ებრძოდა საქართველოს პროგრესს, წინსვლას და განვითარებას. ებრძოდა ქართულ ოჯახებს, ებრძოდა წარმატებულ ადამიანებს და ეს ზნე მას არ შეუცვლია. უბრალოდ, მაშინ ის აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი შეეძლო ამ მხრივ დაეშავებინა და ფაქტი არის, რომ 300 ათასი ადამიანი გაასამართლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს ქვეყანაში. რაც ოპოზიციაში არის, იქიდანაც მუდმივად თავს ესხმის საქართველოს. არა კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“, არამედ იმ პროცესებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეროვნული უსაფრთხოების იქნება, ეკონომიკური-სოციალური უსაფრთხოების იქნება თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციას ირჩევენ. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის ამ პარტიის და მისი ანასხლეტების ან მისი „პარწიუკების“, რომლებიც ფილიალები არიან სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ მათი ზნე და ბუნება. შესაბამისად, ამას აუცილებელი არის, რომ მოჰყვეს სამართლიანი რეაგირება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.