სასამართლო ხელისუფლების სფეროში სიტუაცია უმჯობესდება. მრავალი რეფორმა ჩატარდა, რომლითაც მოსამართლის დამოუკიდებლობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, რომ მიზანმიმართული იერიში მიიტანონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
„ჩვენ ვაკვირდებით თანმიმდევრულად ნებისმიერ სფეროში მიმდინარე რეფორმებს და რა თქმა უნდა განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევადაროთ რა გვქონდა სასამართლო სისტემაში და რა გვაქვს დღეს. ამაზე მხოლოდ ფაქტებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. 2012 წლამდე შეგიძლიათ ამოიღოთ სტატისტიკა, რა რაოდენობის იყო გამამართლებელი განაჩენები და ნახოთ დღევანდელ დღეს. ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე დავებში ჰქონდა თუ არა მოქალაქეს გამარჯვების საშუალება, ესეც იკითხება სტატისტიკაში და შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელ დღეს, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ თავისუფლად იგებენ დავებს. ეს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მხრიდან ტენდენციურობა პრაქტიკულად ნულოვან დონემდეა დაყვანილი. სიტუაცია სასამართლოს ხელისუფლების სფეროში უმჯობესდება. მრავალი რეფორმა ჩატარდა, რომლითაც მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი მოსამართლის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.