პარასკევი, იანვარი 9, 2026

რატი ბრეგაძე – სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური კამპანიის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მედპერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რაც დაუშვებელია

პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ, მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ისტორიას ჩაბარდა.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი სააკაშვილი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს, თუმცა ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა და შეურაცხყოფა, ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით.

ბრეგაძის განმარტებით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას.

„პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ჩაბარდა ისტორიას. დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის პატიმრის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

„500-დღიანი პოლიტიკური კამპანიის, სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და დაუშვებელია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის, თუ კიდევ უფრო დაუშვებელია ის, რომ ხშირად ხდებიან ისინი მუქარის ობიექტები. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ყოველგვარი მცდელობა, პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნას გადატანილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, აკვირდებიან სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური.

ბრეგაძის განმარტებით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

„ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქეცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანდო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქინებით პასუხისხმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. და ბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტეშობა-შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება...

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!

დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი კიბოს რისკს ზრდის – ახალი კვლევა

მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი პირის ღრუს კიბოს რისკს 50%-ით ზრდის.პირის ღრუს კიბო გლობალურად მე-11 ადგილზეა გავრცელებით და განსაკუთრებით ხშირია სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში.ახლახან მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება თამბაქოსთან ერთად, რაც სამხრეთ აზიაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით მძიმე კომბინირებული ეფექტია.კვლევამ, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ Global Health, დაადგინა, რომ ეს კომბინაცია შესაძლოა ინდოეთში პირის ღრუს კიბოს შემთხვევის თითქმის ორი მესამედის მიზეზი იყოს.

ანტონიუ გუტერეში – ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო და განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული“. ამის შესახებ ნათქვამია გუტერეშის წერილში, რომელიც მისმა მოადგილემ, როსმარი დიკარლომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წაიკითხა.სხდომაზე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ვენესუელაში არასტაბილურობის სავარაუდო ინტენსიფიკაციის გამო, ასევე რეგიონზე პოტენციური ეფექტით და იმ პრეცედენტით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვენესუელაში ვითარება, უკვე მრავალი წელია, არის როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო შეშფოთების საგანი. ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება გაიზარდა ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საარჩევნო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც მე დავნიშნე ვენესუელის მთავრობის მოთხოვნით, ხაზი გაუსვა სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით სრულ გამჭვირვალობას და არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას“, – ნათქვამია გუტერეშის წერილში.ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი.„მე მუდმივად ხაზს ვუსვამდი ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის იმპერატიულობის მნიშვნელობას, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა, რომელიც ქმნის საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ვენესუელის საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, ჩაერთონ ინკლუზიურ და დემოკრატიულ დიალოგში, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა სექტორს შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვრცელდება გოგა მანიას ახალი ვიდეომიმართვა:„თქვენს გარეშე სამყარო არაფერი იქნებოდა, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ იგივეს გისურვებთ. დაე გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, ყველას გილოცავთ 2026 წელს“- ამბობს გოგა. 

ტემპერატურა -11° გრადუსამდე დაეცემა! – განახლებული ამინდის პროგნოზი

6  იანვარი - სამშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით  -8, -3°, დღისით +2, +7°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6°-მდე, დღისით +8, +13°;  მთაში ღამით -10, -5°,  დღისით +3, +8°, მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით +1, +6°.7  იანვარი - ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, ზოგან -1°-მდე;  დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -8°-მდე, დღისით +5, +10°, ზოგან  +14°-მდე;  მთაში ღამით -9, -4°, დღისით +3, +8°,ზოგან +11°-მდე; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით -1, +4°, ზოგან  +8°-მდე.8  იანვარი - ხუთშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, ზოგან -6°-მდე, დღისით +9, +14°, მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -12, -7°,  დღისით -1, +4°, ზოგან +8°-მდე.

ბოლო სიახლეები