შაბათი, მარტი 14, 2026

რატი ბრეგაძე: „ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას“

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღესაც, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაცმოძრაობიდან“, რომლებიც მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ, პატიმრისას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

„დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ადამიანის მიმართ იმის გამო, რომ ის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში აწამეს, და რა ლექსიკა იყო  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული და როგორ იყო აღწერილი ეს წამება, ამის შესახებ ჩვენ საზოგადოებას  ერთხელ უკვე ვუთხარით… ამ გადაწყვეტილებაში აღწერილია წამების ის მეთოდები, რომლებიც ფართოდ იყო დანერგილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პენიტენციურ დაწესებულებებში, და რა არის, რა მეთოდებზეა საუბარი, როგორ არაადამიანურ მიდგომებზე: ადამიანებს თავზე ახურავდნენ სპეციალურ ჩაფხუტს  და პირში უთავსებდნენ სპეციალურ  ბურთებს იმისთვის, რომ მათ არ ელაპარაკათ; ასევე,  კარცერში ათავსებდნენ ცემენტის იატაკზე რამდენიმე ადამიანს, ლოგინი აკეცილი იყო 14 საათის განმავლობაში და დამკვიდრებული იყო ე.წ. საკარანტინე პროცედურები, და წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი – ეს იყო ხელკეტებით ცემა ნებისმიერი შემსვლელი პატიმრის იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ პატიმრების მორჩილება და მათი თანამშრომლობა. და აქვე ძალიან ნიშანდობლივი მომენტი არის  ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ სწორედ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდგომ, გაბედეს პატიმრებმა ამ პრაქტიკაზე საუბარი და სწორედ მაშინ გაბედეს, რომ შეეტანათ სარჩელები, და დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს ვინმეს წამების შეწყვეტისაკენ, და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ – ის, რომ ადამიანს 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში?! და ის, რომ თითქმის 8 თვეა, იგი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში?!. – ეს არის რომელიმე  უფლების დარღვევა და ეს არის წამება?! ამის თქმა, ვინც უნდა იყოს მისი მხრიდან, არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყვი, არ ვაპირებთ მაგიდასთან დასხდომას, რათა პოლიტპატიმრებს თავისუფლება მოვუპოვოთ, ეს მათი უფლებაა, რომელიც ისედაც ეკუთვნით

პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.„რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა გვარამიამ.

„გარდიანი“ – ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა

ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა, რომლებსაც თხევადი გაზი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. „დღეს დილით მათ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთეს და ამჟამად ინდოეთისკენ მიემართებიან“, – განაცხადა ინდოეთის პორტების, საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო გზის სამინისტროს სპეციალურმა მდივანმა, რაჯეშ კუმარ სინჰმა. „გარდიანი“ წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისი ირანმა მას შემდეგ დაუშვა, რაც ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანმა ინდურ გემებს გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ მათგანზე გაიცა თანხმობა. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თხევადი გაზის იმპორტიორია. იგი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის დაახლოებით 85%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის 50%-ის იმპორტირებას ახორციელებს.

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში

დონალდ ტრამპი – აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას

აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.  

იენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება

არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნატო გადაურჩება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომელმაც საკმაოდ ღიად გამოხატა უკმაყოფილება ალიანსის მიმართ. თუმცა, სტოლტენბერგი მაინც ფიქრობს, რომ ნატო გაიმარჯვებს. „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, კარგია კანადისთვის, მაგრამ ის ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ ვეხმარებით აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ძირითადად მიმართულია არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში საკმარის ინვესტიციას არ დებენ. კარგი ამბავია, რომ ეს მოცემულობა შეიცვალა და იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ნატო ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება. „ნატო-ს არასდროს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რათა ნატო კონფლიქტში არ ჩაერთოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბოლო სიახლეები