24 თებერვლიდან ყველიერის კვირა დაიწყო. დიდმარხვას წინ უძღვის ბოლო კვირა – შვიდეული ყველიერისა.
ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, ცხადია, უკვე მხოლოდ რძის ნაწარმითა და კვერცხით, რადგან ხორცი უკვე აღდგომამდე აღარ იჭმევა.
გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.
ეფრემ ასურის ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (ანუ დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).
მას სინანულის ლოცვას უწოდებენ, ამაზე მისი არსი მეტყველებს. რადგან მარხვა სინანულის მოჭარბებული განცდით უნდა დავიცვათ, ეფრემ ასურის ლოცვა დაგვეხმარება საკუთარ ცოდვებში ჩაღრმავებაში, სინანულის აღძვრაში, სულზე ზრუნვაში.
ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომ ითხოვს წმინდა ეფრემ ასური – „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”.
***
ეფრემ ასურის ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ამ სინანულის ლოცვის განმარტება
ეფრემ ასურის ლოცვა, სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი.
პირველს მუხლში, ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა – უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად-მეტყველება:
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული:
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.
ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა:
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე“ – (წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – განმარტება ანუ აღხსნა ეფრემ ასურის ლოცვისა, ოთხთა მოძღვრებათა შინა,რომელნიც თქმულან ოსეთში და სვანეთში).