მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ჟურნალ „დეკანტერის“ ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის სარეკლამო სტატია დაიბეჭდა.
სტატია სათაურით: „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა” – ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე, 8000-წლიან უწყვეტ ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე მოგვითხრობს.
სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების“ მუზა „თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის“ ალავერდის ტრადიციები, „ქართველის“ საფერავი ქვევრი, „შატო მუხრანის“ ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის“ შატო ნეკრესი-სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინის“ აკიდო – წინანდალი.
„დეკანტერი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალია ღვინოზე, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება. „დეკანტერის“ ექსპერტები ყოველწლიურად უწევენ რეკომენდაციას ათასობით ღვინოს. მისი მკითხველები არიან ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.