ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
„გრცხვენოდეს, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუწოდა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ფრანგ ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას, ევროპარლამენტის წევრს, ბერნარდ გეტას, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ფრედერიკ პეტის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ ფიშერს, პოლონეთის სენატის წევრს, ბოგდან კლიჩს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს, ფინელ პარლამენტარს, ჯუკა კოპრას, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ერიკ ოტოსონს, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, ინარა მურნიეცეს, ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსს და საქართველოში ამერიკის საელჩოს, გაიზიარონ ეს გზავნილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.