ვლადიმერ პუტინის თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, აუცილებელი და სასარგებლო იყო. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია India Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის ფრაგმენტებსაც თავად არხი აქვეყნებს და რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ციტირებენ.
პუტინის თქმით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა, რადგან მხარეებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ წინადადებების ყველა პუნქტის განხილვა მოუწიათ.
მან აღნიშნა, რომ ამერიკულ წინადადებებში იყო პუნქტები, რომლებსაც რუსეთი არ ეთანხმებოდა. „სადღაც ვამბობდით, რომ დიახ, ამის განხილვა შეგვიძლია, ხოლო ამაზე დათანხმება – არა. იმის მიღწევა, რომ კონფლიქტის მხარეებმა რაღაც კონსენსუსამდე მიაღწიონ, არ არის მარტივი ამოცანა“, – განაცხადა პუტინმა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს „დიდ რვიანში“ დაბრუნება, პუტინმა უპასუხა: „არა“.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ერთხელ ისე მოხდა“, რომ თავად პრაქტიკულად შეწყვიტა G8-ის შეხვედრებზე სიარული. „ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რატომ უწოდებენ G7-ში შემავალი ქვეყნები საკუთარ თავს „დიდ შვიდეულს“. რა არის იქ ასეთი დიდი?“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ეს „მაინც მნიშვნელოვანი პლატფორმაა: ისინი მუშაობენ, რაღაცებს განიხილავენ, იღებენ გადაწყვეტილებებს“.

