პსჟ კვარას ინტერვიუს ავრცელებს.
– ხვიჩა, შენ პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?
– ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.
– გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს…
– იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა ვიგრძენი. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო – თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
– ქალაქზე რას იტყვი?
– ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ. მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ.
– საფრანგეთის ჩემპიონი გახდი. ეს როგორი გრძნობაა?
– ცხადია, ტიტულის მოგებამ ძალიან გამახარა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიზანი გვაქვს. ჯერ კიდევ შეგვიძლია ორი ტურნირის მოგება და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმის მისაღებად, რასაც ვიმსახურებთ. თავს არ ვზოგავთ. მობილიზება მაქსიმალურია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მთელი ძალების დახარჯვა მოგვიწევს.