ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტებზე.

„ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ მედიამაგნატს გადასცა.

საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს, უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ორივე სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ჟვანია – 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“

კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინა, იქ გახლდით მეც, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.ჟვანიას თქმით, პატრიარქმა ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც.„დღეს ისტორიული დღის აღნიშვნაა, ამ ისტორიულ დღეს მრავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შრომა შეეწირა, თუმცა დააგვირგვინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ. ეს არ ყოფილა პროცესი, როდესაც იგი ერთხელ ეწვია კონსტანტინეპოლის ეკლესიას და შემდეგ პასუხი მიიღო. თუ ამოიღებთ ​ეპისტოლარულ მიმოწერას, ათწლეულების მანძილზე, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ნახავთ, რომ არც ერთი წერილი არ არის ისე დაწერილი, სადაც არ არის ნახსენები სიტყვები „პრობლემა“, „კამათი“, „საპრობლემო საკითხი“ და სხვა მსგავსი სიტყვები ორივე მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარჩია კონკრეტული ტაქტიკა: იგი მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული მათი მხრიდან თუ არ იქნებოდა აღიარებული, ეს სერიოზულ პრობლემად იქცეოდა ეკლესიებს შორის ურთიერთობაში. მართალია, ეს პირდაპირ სიტყვებით არ ჩანდა, მაგრამ მიხვდებით, რომ ზუსტად მთელი შინაარსი ამ მოძრაობისა, რომელიც მან წამოიწყო მსოფლიოში არა მარტო ერთი მიმართულებით, სწორედ ამას ნიშნავდა. საბოლოოდ, 1990 წელს იქნა აღიარებული.კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინეს, მეც იქ ვიმყოფებოდი, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ეს ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“. მან ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც“, – აღნიშნა ჟვანიამ.ამასთან, მისივე თქმით, დღეს ყველასთვის კვლავ მძიმე დღეა.„პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. სინოდის წევრებმა და საპატრიარქო ტახტის დროებითმა მმართველმა, მეუფე შიომ აღავლინეს ლოცვა და ჩვენც ყველამ მათთან ერთად ვილოცეთ მისი უწმინდესობის სულის ცხონებისთვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ იგი უკვე ცხონებულია, უფრო მეტიც, თუმცა ეს არის ტრადიცია, როდესაც ჩვენ ველოდებით მე-40 დღეს, მიცვალებულის უფალთან მიახლების დღეს. დარწმუნებული ვარ, მისი სიწმინდე და წმინდანობა გამოჩნდება კიდევ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე საზოგადოდაც. ხალხის უწყვეტი ნაკადიც პატივისცემის გამოხატულების გარდა, არის მისი სიწმინდისა და წმინდანობის აღიარებაც“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ხვიჩა კვარაცხელია – კაპიტნობა რთულია, მაგრამ შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ისრაელთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„უპირველესად მინდა, რომ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა.რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.რას ნიშნავს ჩემთვის კაპიტნობა და რა მიზნები მაქვს? ეს პასუხისმგებლობაა, მით უფრო, რომ კანკავას და კაშიას კაპიტნობის დროს დავიწყე ნაკრებში თამაში. შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.მსაჯებთან პრობლემები მაქვს? არ ვფიქრობ, რომ ასეა. თუმცა, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და შევეცდები, ასეთი ვიყო“.საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს 26 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს და ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრება. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

გიორგი გაბუნია – რადიკალური ძალის მიზანია დესტრუქცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს, ნახეთ, რა ხდება, ყველგან ომია, ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ...

საქართველოში არსებობს რადიკალური ძალა და არა ოპოზიცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ძალა ქვეყანას არასოდეს დაემუქროს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.გიორგი გაბუნიას თქმით, საქართველო ატარებს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რადიკალური ძალა კი ანტიეროვნული და გარედან მართულია.„საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა მაშინ, როცა თავად აღიარებენ, რომ ისინი გარედან იმართებიან, მუდმივი კონტაქტი აქვთ გარე დამფინანსებლებთან და პატრონებთან. ეს ადამიანები იმუქრებიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ. გეკითხებით, როგორ მოვლენ? არჩევნებში არ მონაწილეობენ, პარლამენტში არ შემოვიდნენ. მათი ერთადერთი მიზანი ძალადობა და რევოლუციური პროცესებია. გასული არიან ლეგალური პოლიტიკური სივრციდან. ეს ძალები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, შესაბამისად, მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და რადიკალიზაცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს. თითქოს ეს სიტყვები გაცვდა, მაგრამ გაიხედეთ, გარეთ რა ხდება, გინდათ ჩრდილოეთში, გინდათ სამხრეთში, ყველგან ომია. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ყველგან ტყვია გავარდა და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. მაგრამ ქართველი ვარსკვლავი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 5 ფეხბურთელი გახდა. 1964 წელს სლავა მეტრეველი, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2023-ში ხვიჩა კვარაცხელია, 2024-ში კი – გიორგი მამარდაშვილი.კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ – 2023 და 2025 წლებში დასახელდა.

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. 

ბოლო სიახლეები