საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.