ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება მადლობას უხდის პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აღნიშნულ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ათეულობით პირზე, რომელთა საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები.

2015-2020 წლებში გამოიკითხა ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ თავიანთ სოფლებში და თვალს ადევნებდნენ მათ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს. მათგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ჯერ გაძარცვეს ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ, იმ მიზნით, რომ ქართულ მოსახლეობას არ ჰქონოდა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა, გადაწვეს მათი სახლები. აღნიშნულით განახორციელეს მოსახლეობის იძულებით განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილებიდან.

ასევე, მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა „ისკანდერის“ ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე.

გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა „ტოჩკა უ“-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა „ისკანდერთან“ და რაკეტა “ტოჩკა უ“ -სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები.

2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ, რაკეტა „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ“-ს დეტალებზე ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური 2017 წლის 22 ნოემბერს და 2018 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ, ასაფეთქებელი მოწყობილობის – 9М723 „ИСКАНДЕР“ და „ტოჩკა უ“ს“ ტიპის რაკეტის, აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს.

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას ისტორიულ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დახმარება. ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დიდ წარმატებაში. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – არავის განადგურება არ გვინდა, ჩვენი მიზანია, მოქმედებდეს ძლიერი პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, იქნებიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები

არავის განადგურება არ გვინდა. ჩვენი მიზანია, საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემა მოქმედებდეს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, ძლიერი ოპოზიციური პარტიები იქნებიან და რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს მონოპოლიზებული არ ექნებათ ოპოზიციური ფლანგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.„სწორედ ამ მიზნით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სარჩელს, ინფორმაცია არ მაქვს, გასაჩივრებული რა აქვთ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირებადია და მათი დარღვევები იმას გამოიწვევს, რის მიღწევასაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ვცდილობთ. რადიკალური ჯგუფებისთვის კანონმდებლობა მხოლოდ იმ ნაწილში არსებობს, რაც, მათი აზრით, შეიძლება, პარტიულ ინტერესებს შეესაბამებოდეს. ისინი არ აღიარებენ არც კანონმდებლობას და არც სხვა რამეს. ამ ძალისთვის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. მზად არიან, ამ გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური ნაბიჯები გადადგან და მათ საქმიანობაში ღალატიც ყოფილა“, – განაცხადა კახიანმა.

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს – ივანე ჩხაიძე საუბრობს

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს - რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:- ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.იხილეთ გადაცემა ვრცლად: 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბოლო სიახლეები